ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყანაა

news
ავტ.: news მაისი 14, 2015 17:54

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყანაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები საქართველოს განვითარების გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია.

პრემიერმა ეს განცხადება EBRD-ის ღონიძიებების ფარგლებში ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის პრეზენტაციისას გააკეთა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს იმისათვის, რომ ყოველწლიური შეხვედრის ადგილად საქართველო შეარჩია. ასეთი მნიშვნელოვანი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა დიდი პატივია და მე ვაფასებ, რომ დღეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლების, ასევე ბიზნესის, ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების ნიჭიერი ლიდერების გარემოცვაში ვიმყოფები. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ეკონომიკის განვითარების სფეროში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს თანამშრომლობას, რომელმაც ჩვენს განვითარებაში უკვე დიდი წვლილი შეიტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააღრმავებს ჩვენს ურთიერთობებს. დღეს საქართველო სრულიად განსხვავებული ქვეყნააა, ვიდრე ოცი წლის წინ იყო. ქვეყანაში ყველა სფეროში მიღწეულია უზარმაზარი წინსვლა – ჯანდაცვითა და განათლებით დაწყებული, პოლიტიკური სტაბილურობით, ეროვნული უსაფრთხოებითა და ეკონომიკური განვითარებით დამთავრებული. წლების განმვალობაში ამ ტრანსფორმაციას ბევრი საერთაშორისო რეიტინგი მოწმობს და დღეს საქართველო რეგიონში დემოკრატიის განმტკიცების, კორუფციასთან ბრძოლისა და სტაბილური, ბიზნესის წარმოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის კუთხით ლიდერია და მისაბაძი. საქართველოს განვითარების გზაზე ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია. ჩვენი ურყევი გადაწყვეტილება, კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროკავშირსა და ნატო-ს, განუყოფელია ჩვენი ერთგულებისაგან ეკონომიკური და დემოკრატიული ტრანსფორმაციისადმი. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი და მნიშვნელოვანი წვლილი ამ საქმეში“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, გასულ წელს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, მოაწერა ხელი.

„ეს ხელშეკრულება, რომელიც 2014 წლის 1 სექტემბერს შევიდა ძალაში, მნიშვნელოვანი ეტაპია ჩვენს ევროპულ გზაზე. ჩვენ, ხელშეკრულების მოთხოვნების შესაბამისად, დავიწყეთ ფართომასშტაბიანი რეფორმების განხორციელება და ამ პროცესის დაჩქარება ჩვენი ურყევი გადაწყვეტილებაა. ასოცირების ხელშეკრულება ქმნის საფუძველს, რომლის წყალობითაც საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირში შეუქცევადი ხდება. ის ასევე, გვთავაზობს მექანიზმებს, რომლებიც ქვეყნის სრულფასოვან ევროპულ სახელმწიფოდ გარდასაქმნელად აუცილებელია“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

news
ავტ.: news მაისი 14, 2015 17:54

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics