ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მოსამართლეზე თავდასხმა სახიფათო პრეცედენტი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2015 22:10

ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მოსამართლეზე თავდასხმა სახიფათო პრეცედენტი

რუსთავის მეტალურგიული ქარხნის საქმეზე პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მხრიდან მოსამართლეზე თავდასხმა სახიფათო პრეცედენტია – ასე ეხმაურებიან არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერმინისტრის განცხადებას.

არასამთავრობოები პრემიერმინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურნენ, რომლითაც მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა, რომ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაინტერესდება რუსთავის მეტალურგიულ ქარხნის საქმით, რომელსაც 4500 ლარის დავალიანების გამო დაედო ყადაღა. პრემიერმა ასევე მიუთითა, რომ საქმის განმხილველი მოსამართლე უნდა წარსდგეს საზოგადოების წინაშე და განმარტოს საკუთარი გადაწყვეტილება.

არასამთავრობო ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ მთავრობის მეთაურისა და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან მოსამართლეების მიმართ განხორციელებული შეტევა, პირდაპირი ან არაპირდაპირი მითითება გადაწყვეტილების არასასურველი შინაარსის შესახებ და სხვაგვარი გავლენა ინდივიდუალურ საქმეებში მართლმსაჯულების განხორციელებაზე, წარმოადგენს სახიფათო პრეცენდენტს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის.

„მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. მოსამართლეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა, გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით, აკრძალულია და ისჯება კანონით. არავის, მათ შორის, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, არა აქვს უფლება მოსთხოვოს მოსამართლეს ანგარიში კონკრეტულ საქმეზე. ეს წარმოადგენს კონსტიტუციურ გარანტიას, რომლის გარეშეც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა ვერ იარსებებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში წერია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებამ და პოლიტიკოსებმა სწორად გაიაზრონ, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ისე სასამართლო ინსტიტუტების როლი. თავმჯდომარის უფლებამოსილებას არ წარმოადგენს მოსამართლეთა კონტროლი და მათი პასუხისგებაში მიცემა. ის, როგორც იმავდროულად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, შესაძლოა გახდეს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური პროცესის მონაწილე. თუმცა, ინდივიდუალურად თავმჯდომარეს მოსამართლეების მიმართ რეპრესიული მეთოდების გამოყენების უფლებამოსილება არ გააჩნია.

განცხადების ავტორები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები სასამართლოს დისკრედიტაციას უწყობს ხელს.

„ამდენად, მიგვაჩნია, რომ ასეთი შინაარსის განცხადებები ახდენს, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციის, ასევე სხვა სასამართლო ორგანოებისა და თვით აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაციას. ამასთან, ამგვარი პოლიტიკური მესიჯები ხელს უშლის სასამართლო სისტემაში ვითარების გაჯანსაღებას და ზრდის სუბორდინაციას ინდივიდუალურ მოსამართლეებსა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს შორის“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ კონკრეტული მოსამართლის მხრიდან დიციპლინარული გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში რეაგირება უნდა მოახდინოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. სწორედ, საბჭოს ევალება დაიწყოს დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი და შეისწავლოს მოსამართლის წინააღმდეგ წარდგენილი საჩივრები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საბჭოსა და დისციპლინური ორგანოების დროულმა, ეფექტურმა და დასაბუთებულმა რეაგირებამ, შესაძლო გადაცდომის თითოეულ ფაქტზე, უნდა შექმნას საზოგადოებისა და მოსამართლეთა ნდობა სასამართლოში მოქმედი პასუხისმგებლობს სისტემის მიმართ, რომელიც ამჟამად საკმაოდ დაბალია.

საბჭო ასევე ვალდებულია გამოეხმაუროს მოსამართლეთა მიმათ ზეწოლის შესაძლო ფაქტებს და არ დაუშვას არასათანადო გავლენა მართლმსაჯულების პროცესზე, როგორც სასამართლო ხელისუფლების შიგნიდან, ისე ხელისუფლების სხვა შტოების მხრიდან.

„მოვუწოდებთ, მთავრობის მეთაურს, ისევე როგორც სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს, პატივი სცენ სასამართლო ხელისუფლების დაომუკიდებლობის პრინციპს და თავი შეიკავონ მსგავსი განცხადებებისაგან მომავალში“ – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია:

კონსტიტუციის 42-ე მუხლი

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

სიდა

ბიზნესისა და ეკონომიკი ცენტრი

ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია

პარტნიორობა ადამინის უფლებებისთვის

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აპრილი 4, 2015 22:10

Google სტატისტიკა


2,765
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics