ილია მეორე: დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება

news
: news იანვარი 19, 2015 15:55

ილია მეორე: დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება

ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გაუღებს თავის გულის კარს წმინდა სამებას: მამას, ძესა და სულიწმინდას და შევა მის გულში, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა.

უწმინდესმა ქადაგებისას დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, ეს არის წმინდა სამების გაცხადების დღე, როდესაც იორდანეში ნათელ იღო ძე ღვთისამ, უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ და მასზე სულიწმინდა “სახითა მტრედისათა” გადმოვიდა, ზეციდან კი ხმა გაისმა, რომ იგი იყო ძე მისი საყვარელი.

“დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება. ხილული და უხილავი მტერი დათრგუნულია. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც გააღებს თავის გულის კარს და წმინდა სამება, მამა, ძე და სულიწმინდა შევა მის გულში. ყოველი ადამიანის გული უნდა გახდეს სავანე წმინდისა სამებისა. აი, დღეს ჩვენ უნდა ვიგრძნოთ ჩვენი უღირსება, დღეს უნდა გავიწმინდოთ ჩვენი სული, გონება, გული, ჩვენი უძლურება და ვთხოვოთ უფალს შენი ვარ, მაცხოვნე მე, ცოდვილი ვარ, მაგრამ მაცხოვნე მე. დღეს ყოველი ჩვენგანი განიწმინდება ნაკურთხი წყლით. აიაზმა არის ბერძნული სიტყვა და სიწმინდეს ნიშნავს. ეს სიწმინდე უნდა იყოს ყველა ადამიანის სახლში”, – აღნიშნა პატრიარქმა.

უწმინდესის თქმით, დიდი აიაზმა წელიწადში ორჯერ იკურთხება და იგი ხდება ნათლისღების დღესასწაულის წინა დღეს და ნათლისღებას. პატრიარქმა მიმართა მრევლს, დიდი აიაზმის ნაკურთხი წყალი მცირედით, ყოველდღე მიიღონ და ასხურონ საკუთარ საცხოვრებელს, ქუჩას. პატრიარქმა აღნიშნა, რომ მათ შეუძლიათ ეს წყალი გაამრავლონ კიდეც მასზე სუფთა წყლის დამატებით. უწმინდესმა დასძინა, რომ ჩვენს გარშემო მრავალი ადამიანია, შემოდიან ჩვენს სახლებში და შემოჰყავთ ბოროტი სული, ამიტომაც პატრიარქმა მრევლს ურჩია, წელიწადში ერთხელ აკურთხონ კარ-მიდამო, სახლი და დაიცვან საკუთარი საცხოვრებელი ხილული და უხილავი მტრებისაგან.

“ეს უდიდესი სასწაულია. ამას კაცის გონება ვერ ახსნის. სულიწმინდის მადლი გადმოდის წყალზე და განიწმინდება მთელი მსოფლიო”, – განაცხადა უწმინდესმა.

პატრიარქმა უფალს შესთხოვა, გვაშოროს ბოროტი და ჩვენს სულებში სუფევდეს სულიწმინდის მადლი.
“დიდება და მადლობა უფალს, რომ ღირსი გავხდით ამ დიდი სიწმინდის”, – ბრძანა უწმინდესმა ქადაგებისას.
დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ასევე ჩვილთა საყოველთაო ნათლობა შესრულდება, რომლის დროსაც 1 038-ზე მეტ ჩვილი პატრიარქის ნათლული გახდება.

news
: news იანვარი 19, 2015 15:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


2,930
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics