თურქეთში ეთნიკურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის საფრთხეა…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 10, 2015 05:15

თურქეთში ეთნიკურ ნიადაგზე სამოქალაქო ომის საფრთხეა…

turk-no-terorთურქეთის რესპუბლიკაში ხელისუფლების მიერ დაწყებული ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ, დესტაბილიზაციაში გადაიზარდა და ეთნიკური დაპირისპირების ფორმა მიიღო…

ბოლო ერთი თვის განმავლობაში თითქმის ყოველდღიურად და ხშირად დღეში რამდენიმეჯერ ხდება ტერორისტული აქტები, რომლის მსხვერპლი თურქ სამხედროებთან, სამართალდამცავებთან ერთად მშვიდობიანი მოსახლეობის წარმომადგენლებიც არიან…

ერთი თვეზე მეტი ხნით ადრე, თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწყებულმა ანტიტერორისტულმა ოპერაციამ, რომელიც ორ ფრონტზე, ,,ისლამური სახელმწიფოსა,, და ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ  გაიხსნა, ისლამისტებზე უფრო მეტად ქურთი სეპარატისტები და ეთნიკური ქურთი მოსახლეობა გააღიზიანა… თურქეთის ხელისუფლების მიერ სწორედ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს მოყვა დიდი წინააღმდეგობა და  თურქეთის მთელს ტეროტორიაზე ტერაქტები და თავდასხმები, როგორც სახელმწიფო თავდაცვით, ასევე  სამართალდამცავ ორგანოებზე…

suruc-terorრაც შეეხება ეთნიკური ქურთებით დასახლებულ ტერიტორიებს და ქურთ სეპარატისტებს… ანტიტერორისტულ ოპერაციამდე კარგა ხნით ადრე, თურქეთის ხელისუფლებას ამ მიმართულებით მოლაპარაკებები ჰქონდა დაწყებული ქურთ სეპარატისტებთან და სეპარატისტების მხრიდან იარაღის დაყრისა და მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლის გარკვეული შეპირებაც ჰქონდა მიღებული… თურქული მედია ამ მოლაპარაკებებში, წლების წინ დაპატიმრებული ქურთების მუშათა პარტიის (PKK) ლიდერის აბდულა ოჯალანის ჩართულობაზეც საუბარობდა… თუმცა ივლისის ბოლოს PKK-ს მებრძოლების წინააღმდეგ დაწყებულმა ოპერაციამ, რომელიც სირიის საზღვართან ახლოს  ქურთი ეროვნების თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ სისხლიან ტერაქტს მოყვა (რომლის დროსაც 31 ადამიანი დაიღუპა) მოლაპარაკების შანსიც არ დატოვა წლების მანზილზე გაწელილ კონფლიქტში.

ტრაბზონის ავტოსადგური ქურთებზე თავდასხმის შემდეგ

ტრაბზონის ავტოსადგური ქურთებზე თავდასხმის შემდეგ

თურქეთში, ხელისუფლების ბრძოლის პარალელურად ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ,  უკვე მოსახლეობაშიც ეთნიკურ ნიადაგზე დაპირისპირება გაღვივდა… ანტიტერორისტული ოპერაციის დღიდან დღემდე დაღუპული ასეულობით თუქრი ჯარისკაცი, პოლიციელი და მშვიდობიანი მოსახლე, იმის გამო რომ ქურთი ეროვნების ტერორისტის მიერ იქნა მოკლული… და იმის გამო, რომ ქურთულ პროვინციებში ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი სეპარატისებს  უჭერს მხარს და სამართალდამცავებს წინააღმდეგობას უწევს, თურქეთის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც არაქურთულ ეთნიკურ ჯგუფებს წარმოადგენენ, ქურთებს პირდაპირი გაგებით გადაემტერა… საქმე იქამდე მივიდა, რომ 9 სექტემბერს ტრაბზონის ავტოსადგურზე   ორი მგზავრის მიერ ერთმანეთში ქურთულად საუბრის გამო, ეს მგზავრები ათეულობით იქვე მყოფი ტრაბზონელის მიერ უმოწყალოდ იქნა ნაცემი და პოლიციამ მათი ცოცხლად გადარჩენა ძლივს მოახერხა… აღსანიშნავია, რომ მრავლობითი ტრამვების მქონე ეს ორი ქურთი მოქალაქე, პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ტრაბზონის საავადმყოფოში მიიყვანის ნაცვლად ქალაქგარეთ გაიყვანა…

HDP-ს ერთ-ერთი საუბნო ოფისის დარბევა

HDP-ს ერთ-ერთი საუბნო ოფისის დარბევა

ეთნიკურ ქურთებზე თავდასხმები გახშირდა თურქეთის სხვა ქალაქებშიც… ამ თავდასხმების უკან თავდაპირველად ნაციონალისტურად განწყობილ ორგანიზაციებს მოიაზრებდნენ, თუმცა თავდასხმებმა თანდათან სპონტანური და მასობრივი ხასიათი მიიღო…  ქურთი ტერორისტების მხრიდან მოკლულ თითეულ თურქ ჯარისკაცზე საპასუხოდ, ათეულობით ასეთი თავდასხმა ხდება თურქეთში… მასობრივი ხასიათი მიიღო ასევე ქურთების ინტერესების გამომხატველად მიჩნეული ,,ხალხთა დემოკრატიული პარტიის,, (HDP) ოფისებზე თავდასხმამ… თითქმის ყველა თურქულ ქალაქში მათი ოფისები დაარბიეს… აღსანიშნავია, რომ ამ პარტიამ გასულ ივლისს, საპარლამენტო არჩევნებში საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა და თურქეთის პარლამენტში ხმების 15%-ც მიიღო, მაგრამ იმის გამო, რომ სახელისუფლებო პარტიამ ხმების უმრავლესობა ვერ მიიღო… ხოლო ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ მოახერხეს მოლაპარაკება და კოალიციური უმრავლესობის ჩამოყალიბება კანონით გათვალისწინებულ პერიოდში, თურქეთის პრეზიდენტმა განმეორებითი არჩევნები დანიშნა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს… ამ არჩევნებში კი პროქურთულმა HDP-მ შესაძლებელი ის მხარდაჭერა ვერ მიიღოს რაც ქვეყანაში დესტაბილიზაციამდე ჰქონდა, რადგან ეს პარტია თავის ლიდერებთან ერთად დღესაც კონფლიქტურ რეგიონში დგას, აკრიტიკებს მთავრობას და ქურთული მოსახლეობის უფლებებს იცავს… მოსახლეობის, რომლის უმეტესობაც როგორც ჩანს PKK-ს თანაუგრძნობს… ეს კი თურქეთის მოსახლეობის დანარჩენი ნაწილის უმეტესობას აღიზიანებს.

hdp-erzurum-mitingპროქურთული პარტიის ოფისების დარბევის გარდა, თურქეთის სხვადასხვა ქალაქებში წვავენ მაღაზიებს, საწყობებს  და არბევენ რესტორნებს, კაფეებს, ოფისებს, რომელთაც ქურთი მეპატრონეები ყავთ. შეჩერდა ქურთულ პროვინციებში თურქეთის სხვა ქალაქებიდან საჰაერო მიმოსვლა… იმის გამო, რომ ქურთული პროვინციიდან მომავალ ავტობუსებზე გახშირდა თავდასხმები, ეთნიკური ქურთებით დასახლებული დიარბაქირიდან, ბათმანიდან, მარდინიდან და სხვა ქალაქებიდან საავტობუსო მიმოსვლაც შეწყდა.  ქურთული პროვინციის რამდენიმე ქალაქში კი, მესამე დღეა სეპარატისტებსა და პოლიციელებს შორის შეტაკებები გრძელდება, რის გამოც ამ ქალაქის მოსახლეობას გარეთ გასვლა ეკრძალება (პოლიციას უფლება აქვს გარეთ გასულებს ესროლოს)… ამ სიტუაციაში მშვიდობიანი ქურთი ეროვნების მოსახლეობაც სერიოზულად ზარალდება და ამ ქალაქების მშვიდობიან მოსახლეობას შორის  მსხვერპლიც დიდია… არის შემთხვევები, როდესაც გარეთ გასვლის აკრძალვის გამო დაღუპულებს ვერ ასაფლავებენ და ავადმყოფებთან სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ მიდიან.

თურქეთში ვადამდელი არჩევნები 1 ნოემბერს დაინიშნაყოველივე ზემოთქმულის ფონზე, ანტიტერორისტული ოპერაციის გაფართოებას გეგმავს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი, რომელიც პირდაპირ უცხადებს ოპოზიციურ თურქულ პოლიტიკურ პარტიებს, რომ თუ ისინი ტერორიზმთან ბრძოლაში მას არ დაუჭერენ მხარს, სერიოზული საფასურის გადახდა მოუწევთ… ,,დემოკრატია მოითხოვს ტერორიზმთან ბრძოლას და ტერორისტების განადგურებას… ამ ბრძოლაში თქვენ ან დემოკრატიასთან ხართ, ან ტერორისტებთან… ამ საქმეში შუაში ყოფნა არ გამოვა,, აცხადებს ერდოღანი, რომელიც თურქეთის მოსახლეობას მოუწოდებს ნუ აყვებიან ემოციებს და ენდონ ხელისუფლებას, რომელიც თურქეთს ცოტახანში ძალიან უსაფრთხო ქვეყანად აქცევს. არჩევნებამდე თვენახევრით ადრე, პროქურთული HDP-ს გარდა, ერდოღანის სერიოზულ კრიტიკას ,,ქურთული ტერორიზმის,, საკითხში ერიდება ორი წამყვანი ოპოზიციური პარტია CHP და MHP, გამომდინარე იქიდან, რომ  გაუფრთხილებელმა კრიტიკამ შესაძლებელია  მათ ხმები დააკარგვინონ კარს მომდგარ არჩევნებში… მათ იციან, რომ მოსახლეობა მტკივნეულად რეაგირებს ტერორთან ბრძოლის საკითხებზე… ეს სიტუაცია კი თავისთავად ერდოღანის პოზიციებს ამყარებს და მის შანსებს არჩევნებში ერთი-ორად ზრდის. ზოგიერთი თურქი მიმომხილველის აზრით, ანტიტერორისტული ოპერაციის კოზირს, ერდორანი საარჩევნოდ კარგად იყენებს.

პრეზიდენტ ერდოღანს მხარი დაუჭირა 9 სექტემბერს ანკარაში ჩასულმა ევროსაბჭოს თავმჯდომარემ დონალდ ტუსკმა… რომელმაც დაგმო ტერორიზმი და ევროკავშირის ადრინდელი პოზიციიდან განსხვავებით,  ქურთების მუშათა პარტიას,   PKK-ს ტერორისტული ორგანიზაცია უწოდა.მან ასევე აღუთქვა თურქეთს, რომ ამ ორგანიზაციის წყაროებს გაანეიტრალებს ევროპაში.

ტერორს, არეულობებს და პოლიტიკურ კრიზისს თურქეთში, კანონზომიერად ეკონომიკური კრიზისიც დაემატა, რაც თურქული ვალუტის არნახულ გაუფასურებაში გამოიხატა… ეს კი დამატებითი მოტივაციაა რიგითი თურქი მოქალაქისთვის, რომ მტერზე შური იძიოს.

მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს 1 ნოემბერს დაგეგმილ არჩევნებში, თურქეთი, ამჟამად  ძლიერი პრეზიდენტით, მაგრამ ვადაგასული მთავრობით… წინასაარჩევნოდ… სეროზულ პოლიტიკურ-ეკონომიკურ კრიზისშია… ამ კრიზის ემატება დესტაბილიზაცია და ტერორი, რომელიც უკვე ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე რეალობადაა ქცეული… და კიდევ ყველაფერ ამას ემატება ეთნიკური დაპირისპირების რეალური საფრთხე, რომელიც შესაძლებელია სამოქალაქო ომის გამომწვევი გახდეს.

თურქულ მედიაზე დაყრდნობით

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

 

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 10, 2015 05:15