თსუ-ის რექტორი ლადო პაპავა განმარტებებს აკეთებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, სტუდენტური თვითმმართველობის წევრთა მოთხოვნასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, იგი გუშინ შეხვდა თვითმმართველობის წარმომადგენლებს, გაეცნო მათ ათპუნქტიან მოთხოვნას, რომელსაც თავადაც ეთანხმება და რომელთა ნაწილის შესრულება საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს, დანარჩენის მოგვარება შიდა რესურსებით შეიძლება. „ინტენსიურად მუშობს კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს რექტორის მოადგილე, პროფესორი იოსებ სალუქვაძე. არის სხვა პრობლემაც. მაგალითად, ერთ-ერთი პრობლემა არის სახელმძვანელოების თარგმნა. მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, დაიწყო პროცესი. წელს გვქონდა ორი სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. სქელტანიანი სახელმძღვანელოების თარგმნას დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა დარჩა, მაგრამ ჩვენ მივდივართ ამ პრობლემის მოგვარების გზით. რაც შეეხება დარღვევებს, უნივერსიტეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახური იყო შემოსული, მისი დასკვნა არსებობს, რომელიც ხელმისაწვდომია ინტერნეტში ყველასთვის. არის რეკომენდაციები, ამ რეკომენდაციების მიხედვით ჩვენ ვმუშობთ მათ გამოსასწორებლად. რაღაც ნაწილი უკვე გამოსწორდა, რაღაცაზე მიმდინარეობს მუშობა. მე არასდროს მქონია სტუდენტებთან შეხვედრის პრობლემა. მზად ვარ კიდევ ნებისმერ დროს შევხვდე. რაც შეეხება საკითხს თითქოს უნივერსიტეტში არსებობს დარღვევები – ამის შესასწავლად არსებობს შესაბამისი ორგანოები, მოვიდნენ, შეგვისწავლონ. ჩვენ აბსოლუტურად ღია ვართ, მზად ვართ ყველაფერზე ვაგოთ პასუხი,“- აღნიშნა ვლადიმერ პაპავამ. რექტორი არ დაეთანხმა ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს უნივერსიტეტის ბიუჯეტში თვითმმართველობისთვის გამოყოფილი თანხა შემცირდა. მისი თქმით, უნივერსიტეტის ბიუჯეტში თვითმმართველობისთვის ცალკე თანხა არასდროს ყოფილა გაწერილი. თვითმმართველობა წარმოადგენს პროექტებს, რომელიც ან სრულად უფინანსდებათ, ან ნაწილობრივ, ან არ უფინანსდებათ, ამიტომ არ შეესაბამება სიმართლეს ბიუჯეტში თვითმმართველობისთვის თანხების შემცირება. თსუ რექტორმა კომენტარი გააკეთა
უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურაზე. მისი თქმით, პირველი კორპუსი თავის დროზე გაარემონტა ბიძინა ივანიშვილის ფონდმა „ქართუმ.“ “ეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამდე მოხდა. უნივერსიტეტს არ გააჩნია პირდაპირი სახელმწიფო დაფინანსება, ამიტომ საკუთარი თანხები მხოლოდ ალაგ-ალაგ რემონტის ჩასატარებლად გვყოფნის. წელს პირველად გამოყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ თანხა ჩვენი კორპუსების გარემონტებისთვის. გარემონტდება ორი კორპუსი – მესამე და მედიცინის ფაკულტეტის კორპუსები.“ ადმინისტრაციულ ხარჯებთან დაკავშირებით ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ „ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების საფუძველზე, წელს პირველად დაწესდა სამეცნიერო გრანტები, რომელშიც პროფესორებს სტუდენტების ჩართვა ევალებათ. ამისთვის გამოიყო ნახევარი მილიონი ლარი. ამის გარდა მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყოველი ფაკულტეტიდან 5-5 დოქტორანტის სწავლა დაფინანსდება. მე ზოგადად რევოლუციური ნაბიჯების წინააღმდეგი ვარ, მით უმეტეს, უნივერსიტეტში, ევოლუციურად ვადგავარ სწორ გზას და ამას მოწმობს სხვადასხვა საერთშორისო რეიტინგი. დღეს ტომსონის ბაზაში პირველად გაჩნდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქამდე საერთოდ არ გვცნობდა ეს ბაზა. მართლია, ჩვენ არ ვართ ყველა მიმართულებით მსოფლიოს 750 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის, მაგრამ ერთ-ერთი – ფიზიკის მიმართულებით 187-ე ადგილზე ვართ მსოფლიოს 248 წამყვან უნივერსიტეტს შორის. შემოვიღეთ სამეცნიერო სტანდარტი პროფესორებისთვის; გეგმაში გვაქვს პროფესორების დატვირთვაში დოქტორანტების ხელმძღვანელობის ჩართვა. საქართველოში პირველებმა შემოვიღეთ პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი. ასეთი რამ ჯერ საქართველოში არსად არ არის. შარშან 5 პოსტდოქტორანტი დავასაქმეთ უნივერსიტეტში, წელს 7 ადგილზე გამოვაცხადეთ კონკურსი. ყველაფერს ამას ვაკეთებთ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების ხარჯზე“,- აღნიშნა პაპავამ. ვლადიმერ პაპავამ განმარტება გააკეთა ე.წ. ბიოლოგების კორპუსთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე. „ათეულობით წელია ბიოლოგების კორპუსის გვერდით მშენებლობა დაკონსერვებულია. ჩვენი სურვილი იყო, აქ აშენებულიყო სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. საკითხს მხარი დაუჭირა უნივერსიტეტის სენატმა. ჩვენ ძვირი გვიჯდება გაცვლითი პროგრამებით ჩამოსული უცხოელი სტუდენტის თუ ლექტორის შენახვა. მათთვის ჩვენ ვქირაობთ ბინებს. საერთო საცხოვრების აშენების წინადადებით მოგვმართა ჯერ ერთმა, შემდეგ მეორე კომპანიამ. დავიწყეთ მიმოწერა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, აგრეთვე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროებთან. ყველა ეს დოკუმენტი საჯაროა და მისი გაცნობა ნებისმიერს შეუძლია. მალე უნივერსიტეტი გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა თსუ-ის რექტორმა. რაც შეეხება სტუდენტური თვითმმართველობის მოთხოვნას რექტორის გადადგომის თაობაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, შიმშილობის გამოცხადების შესახებ, ვლადიმერ პაპავამ განაცხადა, რომ მისი გადადგომის საკითხი საერთოდ არ განიხილება. „ძალიან დამწყდება გული, თუ სტუდენტები შიმშილობის გადაწყვეტილებას მიიღებენ. მე პასუხისმგებლობა აღებული მაქვს არა როგორც ლადო პაპავას, არამედ როგორც უნივერსიტეტის ხელმძღვანელს. ვაცნობიერებ, თუ რა პრობლემებს შექმნის რექტორის გადადგომა ამ ვითარებაში. კანონი ამ შემთხვევაში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევას ითვალისწინებს. სულ ცოტა ერთი თვე მაინც იქნება უნივერსიტეტი პარალიზებული. მოახლოებულია კანცლერის არჩევნები, მას თავისი ვადები აქვს კანონით განსაზღვრული. უნივერსიტეტის პარალიზებაზე რექტორი ლადო პაპავა არ წავა. ძალიან არ მინდა დავიჯერო და შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ სტუდენტური თვითმმართვლობის უკან რომელიმე პოლიტიკური ძალა დგას. თუკი არის რაიმე გაუგებრობა, სტუდენტებთან კომუნიკაცია არ მიჭირს- მზად ვარ მათ შევხვდე, მზად არიან ფაკულტეტების დეკანები შეხვედრისთვის. ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ კანონის ფარგლებში. იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მე, როგორც რექტორს მაქვს, არ გავურბივარ, მე ამას ვაცნობიერებ. არ მინდა უნივერსიტეტს მივაყენო დარტყმა. მე ვარ კანონის საფუძველზე არჩეული რექტორი, ვასრულებ ჩემს მოვალეობას. ვფიქრობ, რომ შეიძლება ბევრი პრობლემა ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ გვაქვს და ეს მართლაც ასეა, მაგრამ მცირე ნაბიჯებით, რა რესურსიც ჩვენ გვაქვს, მივდივართ სწორი მიმართულებით. სტუდენტებს მოვუწოდებ გონიერებისკენ. უნივერსიტეტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, ნუ გავაკეთებთ ისეთ რამეს, რაც უნივერსიტეტს ზიანს მიაყენებს. სტუდენტები ახალგაზრდები არიან, რა თქმა უნდა, მაქსიმალისტები, ემოციურები, ეს ძალიან კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიაზრონ – ჯობია იყოს კომუნიკაცია, თანამშრომლობა და არა დაძაბულობა. შიმშილობა მათი ჯანმრთელობისთვის ცუდია. ნამდვილად არ გამიხარდება მათი ცუდად ყოფნა. მაგრამ მოდით, მათაც იზრუნონ უნივერსიტეტზე. ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა გავიაზროთ, თუ რა მოჰყვება მას. თუ ამას უნივერსიტეტის ინტერესების შელახვა მოჰყვება, მე, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებ“,- განაცხადა პაპავამ.

banner
წინა სტატიაშიმერაბ მეტრეველი: თქვენც ისევე წახვალთ ისტორიის სანაგვეზე, როგორც სხვები გავისტუმრეთ
შემდეგი სტატია„დღის თემა – წამების ამსახველი ვიდეო”- უკრაინული სააგენტო მორიგ სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს