თინა ხიდაშელი: ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც პრეზიდენტი ახერხებს იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2015 17:57

თინა ხიდაშელი: ძალიან მნიშვნელოვანი როდესაც პრეზიდენტი ახერხებს იყოს ქვეყნის გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი

„ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, როდესაც პრეზიდენტი ახერხებს იყოს ქვეყნის პრეზიდენტი, იყოს გამაერთიანებელი და არა დამქუცმაცებელი, არა გამხლეჩი, აკრიტიკოს, ჰქონდეს საკუთარი პოზიცია, მაგრამ ეს ისე გამოთქვას, რომ არავის უწოდოს მუმია“– ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
დეპუტატი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მთავრობის წევრების არყოფნასაც გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლისთვის გიორგი მარგველაშვილი მოახერხებს იმას, რომ პარლამენტში მისი სიტყვით გამოსვლისას მინისტრების სკამები ცარიელი არ იყოს.
„მოსახლეობას სულ არ აინტერესებს ამას პრეზიდენტი როგორ მოახერხებს. ხალხს შედეგები აინტერესებს“,– განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დეპუტატი თავის გამოსვლაში ბესო ხარძიანის და იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეებსაც შეეხო და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნულ საქმეებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას პასუხი უახლოეს მომავალში გაეცემა.
„იური ვაზაგაშვილის და ბესო ხარძიანის მკვლელობა არის, შესაძლოა, ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ჩვენი ხელისუფლება დადგა, რის წინაშეც ჩვენი ახალი შს მინისტრი და საქართველოს პროკურატურის ახალგაზრდა გუნდის ახალი შემადგენლობა დადგა. მე დარწმუნებული ვარ, დიდი იმედი მაქვს, რომ ორივე საქმე სათანადოდ გამოძიებული იქნება და არ დარჩება არც ერთი კითხვის ნიშანი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით; დაისჯებიან როგორც შემსრულებლები, ასევე, დამგეგმავები, შემკვეთები. ასეთი მკვლელობები შემთხვევით არ ხდება. მე დარწმუნებული ვარ, სრული ნდობა და რწმენა მაქვს, რომ საქართველოს პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ნათელს მოჰფენს ამ საქმეებს. ამ საქმეების გამოძიება მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ აღარავის არასოდეს ეჭვიც არ გაუჩნდეს, რომ ასეთი დანაშაული შეიძლება ჩაიდინოს და ეპატიოს“,– განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2015 17:57