თინა ხიდაშელი – რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვის

news
ავტ.: news ივნისი 1, 2015 22:56

თინა ხიდაშელი – რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვის

მნიშვნელოვანი

  • მიზანმიმართულად უნდა ვიმოძრაოთ, იმისგან დამოუკიდებლად, როდის, რომელ დღეს, რა ინიციატივით გამოვა ვლადიმერ პუტინი

სხვა სტატიები

მიზანმიმართულად უნდა ვიმოძრაოთ, იმისგან დამოუკიდებლად, როდის, რომელ დღეს, რა ინიციატივით გამოვა ვლადიმერ პუტინი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ნატო-ს გენერალურ მდივანთნ შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ამ ზაფხულს გაიხსნება ნატოს საწვრთნელი ცენტრი საქართველოში, თუ – არა, “ფაქტები ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვის”.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე, შეიძლება კიდევ ბევრი სხვა ამბავი მოიფიქროს რუსეთის პრეზიდენტმა იმისათვის, რომ გააჩინოს და გაზარდოს საფრთხის განცდა და შექმნას გარემო, რომელიც ხელის შემშლელი იქნება ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციისთვის.
“მთავარი, რაც მუდმივად უნდა გვახსოვდეს ამ გზაზე, როგორც კი ამ თემებზე მსჯელობებს დავიწყებთ, არის ის რეალობა, რომელშიც ჩვენ 25 წლის განმავლობაში ვართ. არც ნატო და არც ნატოს საწვრთნელი ცენტრი არ არსებობდა საქართველოში და საერთოდ არანაირი ურთიერთობა ნატო-სააქართველოს შორის არ არსებობდა 1990 წელს, როდესაც ცხინვალში დაიწყო ომი. არც 92-91 წლებში, როდესაც აფხაზეთში მიმდინარეობდა ომის ცხელი ფაზა. არც 94 წელს, იმავე აფხაზეთში ომის დროს. ამიტომ თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველომ აირჩია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ფორმირების გზა, უკვე არის იმის მიზეზი რუსეთისთვის, რომ იყოს გაღიზიანებული და იყოს მომართული და აწყობილი იმაზე, რომ პრობლემა შეგვიქმნას. ჩვენი არჩევანი ასეთია, ეს არჩევანი არ გადის იმაზე, რა პაკეტს მივიღებთ უელსის სამიტზე, ან ვარშავის სამიტზე. ეს არჩევანი გაცილებით უფრო ფუნდამენტურ საკითხზე გადის. გვინდა ვიყოთ თავისუფალი, დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული ქვეყანა, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს და მომავალს. თავად აკეთებს არჩევანს თავის სახელმწიფოებრიობასთან დაკავშირებით, თუ არა”, – აღნიშნა ხიდაშელმა.
თავდაცვის მინისტრის თქმით, ამ კითხვაზე პასუხი თუ არის დადებითი, მაშინ “ჩვენ სისტემურად, მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, აბსოლუტური თავდადებით, მაღალი პროფესიონალიზმით და მაღალი გულწრფელობით უნდა მივდიოთ ამ გზას და მივიყვანოთ იგი ლოგიკურ დასასრულამდე, რაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაერთიანებით დასრულდება”.
“თუ არ გვინდა, არ ვართ მზად, არ ვართ შემძლე დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს შენების, მაშინ ეს არჩევანი უნდა გავაკეთოთ. მნიშვნელობა არა აქვს, ჩვენ ამ ზაფხულს გავხსნით ნატოს საწვრთნელ ცენტრს საქართველოში, თუ არა. ფაქტები არ ადასტურებს ამ საფრთხეებს. ფაქტები ადასტურებს ერთადერთ რამეს, რომ ვარსებობთ, ეს უკვე პრობლემაა რუსეთისთვის. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ვიარსებოთ, რომ ვიბრძოლებთ თავისუფალი, სუვერენული ქვეყნისთვის. შესაბამისად, ამ გზაზე, ძალიან მიზანმიმართულად უნდა ვიმოძრაოთ, იმისგან დამოუკიდებლად, როდის, რომელ დღეს, საკუთარი ფედერაციის რომელ ნაწილში, რა ინიციატივით გამოვა ვლადიმერ პუტინი”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.

news
ავტ.: news ივნისი 1, 2015 22:56

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics