თინათინ ხიდაშელმა და იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

თინათინ ხიდაშელმა და იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.

შეხვედრას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ალექსანდრე მაისურაძე და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ალიანსის მხრიდან შეხვედრაზე ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი და სხვა მაღალჩინოსნებიც იმყოფებოდნენ.

თინათინ ხიდაშელმა და იენს სტოლტენბერგმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო უელსის სამიტზე მიღებული არსებითი პაკეტის იმპლემენტაციასა და ვარშავის 2016 წლის ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესს.

თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ეფექტური და დროული განხორციელება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია, რადგან ის ეხმარება საქართველოს ნატოს წევრობისთვის მოემზადოს. თინათინ ხიდაშელის თქმით, ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის გახსნა დღეს კრწანისში ხაზს უსვამს არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით მიღწეულ პროგრესს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, საქართველო ინსტიტუციონალური რეფორმების წარმატებით განხორციელებას განაგრძობს.

შეხვედრის მთავარ თემას 2016 წლის ვარშავის სამიტისთვის მზადება წარმოადგენდა. აღინიშნა, რომ ალიანსი და საქართველო აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას ყველა არსებული მექანიზმის ეფექტურად გამოყენებით, სამიტზე სასურველი შედეგების მისაღწევად.