თეა წულუკიანი სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 24, 2015 18:24

თეა წულუკიანი სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობს

იუსტიციის სამინისტროს დელეგაცია იუსტიციის მინისტრის ხელმძღვანელობით სომხეთ-საქართველოს სამართლებრივი თანამშრომლობის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ერევანში 25 ივნისს გაიხსნება. ქართული დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები სამველ პეტროსიანი და რუსლან პოღოსიანი, აგრეთვე, გაზეთ „ვრასტანის“ მთავარი რედაქტორი ვან ბაიბურთი.
ფორუმზე სიტყვით გამოვლენ სომხეთის იუსტიციის მინისტრი ჰოვანეს მანუკიანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რომელიც ასევე, ესწრება აღნიშნულ ფორუმს. გახსნითი სიტყვის შემდეგ მხარეები ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.
ფორუმის ფარგლებში რამდენიმე სესია იმუშავებს. პირველ თემატურ სესიაზე სერვისების ხელმისაწვდომობას, ინფორმაციის თავისუფლებას, ელექტრონულ მმართველობასა და კორუფციის წინააღმდეგ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ მექანიზმებს განიხილავენ. მეორე სესიის თემა საქართველოში არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა იქნება. საუბარი შეეხება პენიტენციარულ სფეროს, დანაშაულის პრევენციას და პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას. კიდევ ერთი სფერო, რომელსაც სესია მიეძღვნება, „ღია მმართველობის პარტნიორობასთან“ დაკავშირებული საკითხებია. გარდა ამისა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დელეგაციის წევრები ფორუმის მონაწილეებს იუსტიციის სახლებისა და საზოგადოებრივი ცენტრების კონცეფციასაც გააცნობენ.
ვიზიტის ფარგლებში ქართული დელეგაციის წევრებს სომხეთის პრეზიდენტი მიიღებს. შეხვედრა 26 ივნისსაა დაგეგმილი.
იუსტიციის ქართულ-სომხური ფორუმის ჩატარების თაობაზე საქართველოსა და სომხეთის იუსტიციის მინისტრები 2015 წლის მარტში საქართველოში სომხეთის იუსტიციის მინისტრის ვიზიტისას შეთანხმდნენ. იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი თეა წულუკიანმა და ჰოვანეს მანუკიანმა მოაწერეს. ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ლოგიკური გაგრძელებაა იმ საქმიანობისა, რასაც იუსტიციის მინისტრი საქართველოს ეთნიკურ სომხებთან, განსაკუთრებით კი, ახალგაზრდა თაობასთან, მიმართებაში ახორციელებს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ეთნიკურად სომეხი ახალგაზრდებისათვის ქართული ენის შესწავლის დისტანციური კურსები მოქმედებს, ივნისიდან კი სპეციალურად ფოკას საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისათვის კომპიუტერული უნარების ტრენინგი მიმდინარეობს. 50-მდე ახალგაზრდა სწავლებას ფოკას საზოგადოებრივ ცენტრში ეტაპობრივად გაივლის. იუსტიციის მინისტრი პირადადაა ჩართული სამცხე-ჯავახეთში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის სახელმწიფო დოკუმენტების მიღების პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის საქმეშიც.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 24, 2015 18:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics