თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

შსს-მ თბილისში პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით ხუთი პირი დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, რომლის თანახმად, შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თბილისში მდებარე სასტუმროების – “საბუდარასა” და “ვიზას” დირექტორი, 1971 წელს დაბადებული ნიკოლოზ ზ. და ადმინისტრატორები: 1963 წელს დაბადებული ცისანა ნ, 1977 წელს დაბადებული ლეილა ხ, 1968 წელს დაბადებული შორენა ბ. და 1973 წელს დაბადებული ია რ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ფართს უთმობდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.

სამართალდამცველებმა სასტუმროებში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს.