თბილისის 50 სკოლაში 5-6 წლის ასაკის ბავშვების სასკოლოდ მოსამზადებლად ჯგუფები შეიქმნება

თბილისის 50 სკოლაში 5-6 წლის ასაკის ბავშვების სასკოლოდ მოსამზადებლად 3-4 საათიანი ჯგუფები შეიქმნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს თბილისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. თბილისის მერიის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის მოადგილემ ნინო ბურძენიძემ საკრებულოს სხდომაზე განსახილველად წარადგინა საკითხი, რომელიც აღსაზრდელთა მიღება-რეგისტრაცია-ამოწერის წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებდა. განხორციელებული ცვლილება თბილისის ბაგა-ბაღებში, ასევე სკოლებში სასკოლო მზაობის პროგრამის განხორციელებას ითვალისწინებს.
როგორც სხდომაზე ითქვა, თბილისის 50 სკოლაში მოხდება სპეციალური ჯგუფების შექმნა იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არასასკოლო ასაკის გამო სკოლაში წელს ვერ შევიდნენ და ბაღში რეგისტრაცია ვერ გაიარეს. ნინო ბურძენიძის თქმით, სასკოლოდ ბავშვების მოსამზადებლად პარალელურად ჯგუფები საბავშვო ბაღებშიც იქნება.
ბურძენიძის განმარტებით, ბაგა-ბაღებში ასეთი ბავშვების სასკოლო მომზადების პროგრამა 9-საათიანი იქნება და იგი კვებასაც ითვალისწინებს. სკოლაში შექმნილ სპეციალურ ჯგუფებში კი ბავშვები 3-4 საათის განმავლობაში კვების გარეშე ისწავლიან.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, ბაგა-ბაღებში სასკოლო ასაკის მზაობის 4 800 ბავშვია, ხოლო სკოლებში შექმნილ სპეციალურ ჯგუფებში სავარუდოდ 1 500 აღსაზრდელს ვარაუდობენ.