ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას ელექტროენერგეტიკის სისტემის დღგ-სგან გათავისუფლებას და ე.წ. დიფერენცირებული ტარიფის შემოღებას ურჩევს

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

“ახალი პოლიტიკური ცენტრი” მთავრობას ელექტროენერგეტიკის სისტემის დამატებითი ღირებულების გადასახადისგან (დღგ) გათავისუფლებას და ელექტროენერგიაზე ე.წ. დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღებას ურჩევს.
როგორც “ახალი პოლიტიკური ცენტრის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული ორი ნაბიჯის გადადგმა უზრუნველყოფს იმას, რომ ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფი შენარჩუნდეს.
“გუშინ, საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ კომპანია “ენერგო-პრო ჯორჯიას” მოთხოვნის საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება და ელექტროენერგიის ტარიფი გაზარდა დაახლოებით 4 თეთრით. ასევე, გუშინვე იგივე კომისიას ანალოგიური მოთხოვნით კომპანია “თელასმაც” მიმართა, რაც ნიშნავს იმას, რომ უახლოეს მომავალში თბილისში მცხოვრებ მოქალაქეებთან მიმართებაშიც მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა. ეს არის იმ გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებდა. ყველა ცუდი ისაა, რომ მთავრობამ გადაწყვიტა გამოსავალი მოძებნოს არასწორ გზაში, რაც გულისხმობს ბიუჯეტიდან ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირებას. ეს არის არასწორი გზა, რომელიც საბოლოო ჯამში, საქართველოს ეკონომიკას და ენერგეტიკულ სისტემას კიდევ უფრო მეტ პრობლემამდე მიიყვანს. სუბსიდირება გამოსავალი არ არის, რადგან ელექტროენერგიაზე ტარიფის გაზრდა ნებისმიერ შემთხვევაში გამოიწვევს ფასების გაზრდას პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ეს კი ისევ გაჭირვებულ მოსახლეობას დააწვება ტვირთად. თუ მთავრობის მიზანს წარმოადგენს ის, რომ გაჭირვებულ მოსახლეობას დაეხმაროს, ამ შემთხვევაში გამოსავალი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ არ ამოიღოს იმდენი ფული, რამდენსაც იღებს კონკრეტულად ენერგეტიკის სისტემიდან, უარი თქვას საკუთარ ხარჯებზე, მათ შორის შეამციროს საკუთარი ხარჯები რამდენიმე ასეული მილიონით და დატოვოს მეტი ფული საქართველოს ენერგეტიკაში, რაც ხელს შეუწყობს იმას, რომ ტარიფის გაზრდა აღარ მოხდეს.
გასაკეთებელი არის ორი რამ: პირველი – ელექტროენერგეტიკის სისტემა უნდა გათავისუფლდეს დამატებითი ღირებულების გადასახადისგან და მეორე, რაც ასევე მნიშვნელოვანია, მოხდეს განსხვავებული ტარიფების შემოღება წლის სხვადასხვა სეზონსა და დღის სხვადასხვა პერიოდში, რასაც ე.წ. დიფერენცირებული სატარიფო პოლიტიკის შემოღება ჰქვია. ამ სისტემას იყენებს ბევრი განვითარებული ქვეყანა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მისივე აზრით, ამ ორი ნაბიჯის გადადგმა, გარდა იმისა, რომ მოხდება ელექტროენერგიაზე არსებული ტარიფის შენარჩუნება, გაზრდის ელექტროსისტემის საინვესტიციო მიმზიდველობას.
“ეს კი გრძელვადიან პერსპექტივაში თავიდან აგვაცილებს ისეთ პრობლემებს, როგორიც დღეს გვაქვს”, – აღნიშნა ჯაფარიძემ.

ვირუსის ბლოკატორები