ზურაბ ჟვანია შეხვედრებზე წვერითა და სათვალით შენიღბული მიდიოდა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2015 15:29

ზურაბ ჟვანია შეხვედრებზე წვერითა და სათვალით შენიღბული მიდიოდა

ზურაბ ჟვანია შეხვედრებზე წვერითა და სათვალით შენიღბული მიდიოდათბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლესა და ნაფიც მსაჯულებს ჩვენება ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა მიხეილ ძაძამიამ მისცა.

ძაძამიამ ყოფილ პრემიერთან ურთიერთობა და მისი კონსპირაციული შეხვედრები გაიხსენა.

ძაძამიას თქმით, ზურაბ ჟვანია შეხვედრებზე წვერითა და სათვალით შენიღბული მიდიოდა.

„ეს ნიღაბი წვერი იყო და როდესაც მივდიოდით ხოლმე ამ კონსპირაციულ ბინებში, ზურას შავი სპორტული ჩანთა ჰქონდა, იქ ელაგა ესენი. გაიკეთებდა ხოლმე ამ წვერს, გაიკეთებდა სათვალეებს, ქუდს ჩამოიფხატავდა, ამ დროს სასწაული შესახედი იყო“, – აღნიშნა ძაძამიამ.

ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილმა წევრმა 2005 წლის 3 თებერვლის შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სწორედ მან მიიყვანა საბურთალოს ქუჩაზე ყოფილი პრემიერი, სადაც მოგვიანებით გარდაცვლილი იპოვეს.

ძაძამია იხსენებს, რომ სააკაძის მოედანზე ჟვანიას დავალებით იყიდა საჭმელი, სასმელი, საგარეტი და შემდეგ მიიყვანა საბურთალოს ქუჩაზე, სადაც მოგვიანებით მივიდა რაულ უსუპოვი.

ძაძამია ამბობს, რომ სწორედ მან დაალაგა საჭმელი მაგიდაზე, შემდეგ ჩართო გამათბობელი და პრემიერის ბრძანების შესაბამისად, მან საბურთალოს ქუჩა დატოვა.

„მოგვიანებით, დავბრუნდი ისევ საბურთალოს ქუჩაზე, შევედი ეზოში, გადმოვედი მანქანიდან, გავიარე, არაფერი საეჭვო არ დამინახავს. ჩანდა, რომ ოთახში ტელევიზორი იყო ჩართული, ადამიანები არ ჩანდნენ. დავჯექი მანქანში, გადავურეკე რაულს, უნდა მეთქვა, რომ ტელეფონზე აკუმულატორი მიჯდებოდა დ თუ მალე გამოდიოდნენ, ბარემ აქვე ვიდგებოდი. კატეგორიულად მეკრძალებოდა იქ დგომა, ზურასაც იმიტომ დავურეკე, რომ მეცნობებინა ტელეფონის დაჯდომის შესახებ, თუმცა არ აიღო.

ჩემში არანაირ ეჭვს არ იწვევდა, მან რომ ტელეფონი არ აიღო, ეს იყო ჩვეულებრივი მომენტი, რა ვიცი, მე მგონი მისი იქ მიყვანა 150-ე იყო“, – აღნიშნა პროცესზე ძაძამიამ.

მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების წინაშე გუშინ ზურაბ ჟვანიას დაცვის ყოფილი უფროსი კობა ხარშილაძე წარდგა.

პრემიერის დაცვის ყოფილ უფროსსა და დაცვის ყოფილ წევრს ბრალი სამსახურებრივი გულგრილობისთვის აქვთ წარდგენილი. განაჩენი ნაფიცმა მსაჯულებმა მიმდინარე თვეში უნდა გამოიტანონ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge აგვისტო 12, 2015 15:29

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,108
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics