ზაზა ფაჩულია თბილისში NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიას გახსნის

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2015 19:46

ზაზა ფაჩულია თბილისში NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიას გახსნის

მნიშვნელოვანი

  • სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას დიდუბეში, წერეთლის 105-ა ნომერში მდებარე სპორტული ბაზა უსასყიდლოდ, 50 წლით გადაეცა, NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად.

სხვა სტატიები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივითა და მთავრობის გადაწყვეტილებით, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანს ზაზა ფაჩულიას დიდუბეში, წერეთლის 105-ა ნომერში მდებარე სპორტული ბაზა უსასყიდლოდ, 50 წლით გადაეცა, NBA-ს სტანდარტების კალათბურთის აკადემიის გასახსნელად.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
დღეს პრემიერი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი და თბილისის მერიის წარმომადგენლები ზაზა ფაჩულიასა და კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრებს აღნიშნულ სპორტულ ბაზაზე შეხვდნენ და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების წინ წარმატება უსურვეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, ზაზა ფაჩულიას წლების განმავლობაში სურდა საქართველოში NBA-ს სტანდარტების აკადემიის გახსნა, რაც დღეისთვის უკვე რეალობად იქცა.
ღარიბაშვილის თქმით, სპორტული ბაზა ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში თანამედროვე სტანდარტებით გარემონტდა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულება ქართველ კალათბურთელთან 50 წლით გაფორმდა. შეთანხმების მიხედვით, აკადემია მოამზადებს ბავშვებს სხვადასხვა კლუბებსა და ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, აკადემიაში NBA-ს სტანდარტების მიხედვით ტრენინგებს გაივლიან ქართველი მწვრთნელები, ამერიკელი და თურქი მწვრთნელების მეთვალყურეობით.
სპორტული შენობა ამჟამად თბილისის მერიის ბალანსზეა. სპორტული ბაზა 2015 წლის ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში გარემონტდა და კეთილმოეწყო. ბაზაზე არის კალათბურთის 4 დარბაზი, სასტუმროს ტიპის ნომრები სპორტსმენებისთვის, მანეჟი სარბენი ბილიკით, სადაც განთავსდება ტრენაჟორები სხვადასხვა სპორტული ინვენტარით.

news
ავტ.: news აგვისტო 18, 2015 19:46