14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

ვინ ჩაფარცხა თამარ ბაჩალიშვილის საქმე? — გარდაცვლილი გოგოს მამა “ოცნების” 3 მაღალჩინოსნის გვარს ასახელებს

ტვ პირველის ინფორმაციით, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ხელს სუს-ის ყოფილ უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს ადებს. იგი ამტკიცებს, რომ სწორედ მათ შეუწყვეს ხელი 23 წლის პროგრამისტის ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმის მიჩუმათებას.

გარდაცვლილის მამის თქმით, ვახტანგ გომელაურის მინისტრობისას მისი შვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში უსაშვოდ შედიოდა. ჯუმბერ ბაჩალიაშვილი აცხადებს, რომ თამარმა ისეთი ფაილი გატეხა, რომლის გასაჯაროების შემთხვევაშიც „ქვეყანა თავდაყირა დადგებოდა“. იგი ასევე საუბრობს „ქოლ-ცენტრების“ სქემაზე, რომელსაც, მისი თქმით, სუს-ი და შსს კურირებდნენ, ხოლო ირაკლი ღარიბაშვილი ყველაფრის საქმის კურსში იყო.

„მითხრან, რა გამოიძიეს? არაფერი, ყველაფერი გააყალბეს! რატომ ეშინიათ ამ საქმის ახსნის? ვისი დავალებით ხდება ეს? სამი მაღალჩინოსნის დავალებით მოქმედებდნენ. დაიწყოს გამოძიება და ყველაფერს ვიტყვით. ამათ ჩაფარცხეს საქმე — ბავშვი როცა მიხვდა, რომ ეს ქოლ-ცენტრია, თავის დაღწევას ვეღარ ახერხებდა, ემუქრებოდნენ… შევიდა ერთ-ერთ ფაილში, რომელიც რომ გასაჯაროებულიყო, страна თავდაყირა დადგებოდა.

ამ სამ მაღალჩინოსანს შორის არის გრიგოლ ლილუაშვილი. ღარიბაშვილიც ამ საქმის კურსშია, ინფორმაცია აქვს ბევრი. ბავშვი თავისი პირით იძახდა: “მამა, ამ საქმეს სუს-ი და შსს კურირებსო”.

სადაც ბავშვი მოკლეს და მანქანა დამალეს, პიროვნება იქ იძახდა, ღარიბაშვილის ალალი ბიძაშვილი ვარო. გამოვიდა ეს “აკიმ ფაშა” [ღარიბაშვილი] და თქვა, ეგეთი ბიძაშვილი არ მყავსო. მისი [ღარიბაშვილის ბიძაშვილის] ვილა იყო, სადაც მანქანა დამალეს. ამ გიორგი ღარიბაშვილმა დამხედა და მიგრძნო: “შენს შვილს თავი არ მოუკლია, მოკლეს, იცოდეო” — ორჯერ გაიმეორა. ჩემთან ერთად იყვნენ ღობესაშვილი, რამიშვილი და კილაძე. მერე ამ გიორგი ღარიბაშვილთან შეხვედრა მოვინდომე, ორჯერ მივედი და ორჯერვე მანქანა დამატაკეს. ეტყობა, ჩასაფრებული იყვნენ…

შსს-ში ჩემი შვილი საშვის გარეშე რატომ შედიოდა? ორჯერ შევეკითხე: ‚შვილო, სად მიდიხარ?‘ — ‚ორთაჭალაში მივალ და მოვალო‘. გომელაურმა იცის ეს ყველაფერი. გომელაური და ლილუაშვილი ასპროცენტიანად მფარველობდნენ ამ ქოლ-ცენტრს, მამაცაშვილიც ამათთან ერთად. ყოფილმა გენპროკურორმა შოთაძემაც გააყალბა ეს ყველაფერი.

უფროსი გამომძიებელი სერგო შუბითიძეც გამოდის და იძახის: ‚ცუდად ვარ სამი წელია, აღარ შემიძლია, ეს ბავშვი მოკლესო‘. დალუქული ტელეფონი წაიღეს წაშალეს და ისევ მოუტანეს. ორი თვე აწამეს — რატომ, რისი გულისთვის?“, — აცხადებს ჯუმბერ ბაჩალიაშვილი.

„გამოიძიეთ 6 წლის წინანდელი ბურუსით მოცული გარდაცვალების საქმე!“ — ამ მოთხოვნით გენერალურ პროკურატურასთან დედების აქცია მიმდინარეობს. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი წლებია უშედეგოდ ითხოვს დადგინდეს, რას შეეწირა 23 წლის პროგრამისტის სიცოცხლე. პროკურატურასთან ბაჩალიაშვილის დედის მხარდასაჭერად გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძეც იმყოფება.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. იგი რამდენიმე დღის შემდეგ, თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს. ოფიციალური გამოძიების ვერსიით, ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, რის შემდეგაც საქმე დაიხურა

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი: ღარიბაშვილი შეიძლება ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა ან ბინძურ პოლიტიკაში ჩართო
შემდეგი სტატია“ერთი ადამიანი რომ სჭირდებოდეთ, ის ადამიანი ვიქნები”- ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის მხარდასაჭერად