„ვეღარ დავუშვებთ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების გაუაზრებელი ნაბიჯების გამო ჩვენი მოქალაქეები დაიღუპონ“

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 13:30

„ვეღარ დავუშვებთ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების გაუაზრებელი ნაბიჯების გამო ჩვენი მოქალაქეები დაიღუპონ“

ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც აღარ დაუშვებს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც ქვეყანას გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს.

ვიცე-პრემიერმა ეს განცხადება ევროსაბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის საქართველოში ვიზიტისას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული გზავნილების შეფასებისას გააკეთა.

კალაძის თქმით, ტუსკის გზავნილი, 2008 წელს ოკუპაციის შემდგომ გაჩენილ სადემარკაციო ხაზთან მომხდარი პროვოკაციების შესახებ, უაღრესად მნიშვნელოვანია.

„თავისი ვიზიტის ფარგლებში, ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის მსვლელობისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ბატონი დონალდ ტუსკი გამოეხმაურა დე ფაქტო საზღვართან დაკავშირებულ მოვლენებს. ჩვენთვის, ევროინტეგრაციის ამ ეტაპზე, უაღრესად მნიშვნელოვანია მისი გზავნილი 2008 წელს ოკუპაციის შემდგომ გაჩენილ სადემარკაციო ხაზთან მომხდარი პროვოკაციების შესახებ. მაღალი შეფასების საფუძველი გახდა ჩვენი განწყობა და პოლიტიკა კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვნახეთ რა არის ომი, ვნახეთ დაპირისპირება და სიძულვილი იარაღით ხელში, ჩვენ ვნახეთ დიდი თუ პატარა პროვოკაციები, ვნახეთ როგორ შეიძლება წამოეგო რუსეთის პროვოკაციას, რომელიც ღია აგრესიაში გადავიდა ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგით, მიუხედავად შეფუთვისა და სათავისოდ გამოყენების მცდელობისა. ტუსკის დღევანდელი განცხადება მკაფიოდ ავლებს წითელ ხაზს რევანშისტულ, გაუწონასწორებელ გადაწყვეტილებებსა და დღევანდელ გონივრულ, გათვლილ ნაბიჯებს შორის. ჩვენ მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ იმ პრობლემაზე, რასაც ჰქვია არაპროგნოზირებადი მეზობელი. ფეხდაფეხ მივყვებით საერთაშორისო თანამეგობრობას, იმ პოლიტიკის გატარებაში, რომელსაც რუსეთთან მიმართებაში აწარმოებენ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა, პირველ რიგში, ითვალისწინებს დე ფაქტო საზღვრის საგუშაგოდ მყოფი ძალოვანის და საზღვრისპირა სოფელში მცხოვრები გლეხის, მისი, მავრთულხლართს გაღმა დარჩნილი ახლობლის ინტერესს და უსაფრთხოებას, ასევე, საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას და საერთაშორისო ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

„საქართველოს ჰყავს მთავრობა, რომელიც აღარ დაუშვებს იმპულსური გადაწყვეტილებების მიღებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანს ქვეყანას; ჩვენ ვეღარ დავუშვებთ, რომ ცალკეული პოლიტიკოსების გაუაზრებელი ნაბიჯების, ახირებებისა და პირადი მოტივების გამო დაიღუპონ ჩვენი მოქალაქეები, ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს მსგავსი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად. მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ევროპასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან, კომუნიკაცია გვაქვს რუსეთთან, ვცდილობთ, გონივრული პოლიტიკის გატარებით საჩვენოდ მოვატრიალოთ მოლაპარაკებების და ურთიერთობების შედეგები. დღევანდელმა, ევროპიდან გაჟღერებულმა გზავნილმა კი ამ მიმართულების ჭეშმარიტებაში დაგვარწმუნა და მეტი თმენა და მეტი მოტივაცია შეგვმატა, ვიმუშაოთ ბევრი – დაწყებული ეფექტური ფორმატების გაფართოებით ან ჩანაცვლებით და დასრულებული კონფლიქტის საბოლოო მოგვარებით- ქვეყნის გაერთიანებით“, – აცხადებს ვიცე-პრემიერი.

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 13:30