“ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე: თუ ასე გაგრძელდა, ნოემბერ-დეკემბერში გრაფიკი გვექნება

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 16:10

“ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილე: თუ ასე გაგრძელდა, ნოემბერ-დეკემბერში გრაფიკი გვექნება

თუ ასე გაგრძელდა, ნოემბერ-დეკემბერში გვექნება გრაფიკი, – ამის შესახებ სემეკ-ის დღევანდელ სხდომაზე “ენერგო პრო ჯორჯიას” გენერალური დირექტორის მოადგილემ მიხეილ ბოცვაძემ განაცხადა, რომელიც “ენერგო პრო ჯორჯიას” შვილობილ კომპანია “ჯიფაუერს” წარმოადგენდა.
მისი თქმით, სემეკ-ის მიერ წარმოდგენილი პროექტი ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც კომპანიის მიერ ბოლო ორი წლის განმავლობაში მიღებული ეკონომიის გაქვითვასაც ითვალისწინებს, მიუღებელია.
“ეს იქნება კიდევ ერთი წარმატებული ენერგოკომპანიის დანგრევა. კრიზისში ვართ უკვე იმ დონეზე, რომ გაჩერების პირას ვართ და ვცდილობთ, სასწრაფო წესით დავტოვოთ ქვეყანა. დღეს დადგა რეალობა, როცა “ჯიფაუერისთვის” ელექტრონერგის გამომუშავების თვითღირებულება არის 10,5 თეთრი, ხოლო ბაზარს უნდა მიაწოდოს 7,3 თეთრად. სახელმწიფომ მოგვაწოდოს მაშინ ზუსტად იგივე ფასში ელექტროენერგია, რაშიც ყიდულობს. ჩვენი ზარალი არის ათობით მილიონი და ჩვენ ამას ვერ გავუძლებთ. სისტემის სტაბილურობა უკვე დიდი კითხვის ქვეშ დგას”, – განაცხადა ბოცვაძემ და დასძინა, რომ სემეკ-ის დღევანდელ გადაწყვეტილებას კომპანია სასამართლოში გაასაჩივრებს.
მისი თქმით, კომპანია უკვე 2 წელია, ზარალზე მუშაობს.
სემეკ-ის თავმჯდომარემ ირინა მილორავა საპასუხოდ აღნიშნა, რომ რამდენიმე წლის წინ კომპანია თვითღირებულებაზე ბევრად ძვირად ყიდდა ელექტროენერგიას და 2011-2013 წლებში კურსთაშორისმა სხვაობამ კომპანიებს დამატებითი შემოსავალი მისცა და სემეკ-ის მეთოდოლოგია ითვალისწინებს, ეს თანხა დაბრუნდეს იგივე წესით, რა წესითაც ზარალი ანაზღაურდება.
“თუ კომპანია ვერ ასრულებს ვალდებულებებს, არსებობს შესაბამისი სამართლებრივი გზები. ვერც კომისია, ვერც სახელმწიფო ვერ მოისმენს იმას, რომ გეგმურ გათიშვებს დაიწყებთ”, – განაცხადა მილორავამ.
სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის დღეს ახალი, გაძვირებული ტარიფი დაადგინა. სემეკმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე წარმოადგინა თბოელექტროსადგურებისთვის ახალი ტარიფის ორი პროექტი. პირველში გათვალისწინებული იყო ის ზარალი, რომელიც თბოელექტროსადგურებმა ლარის კურსის ვარდნის შედეგად განიცადეს, მეორე პროექტი კი, ზარალის და ეკონომიის ერთბაშად გაქვითვას ითვალისწინებდა. კომისიამ კენჭი სწორედ მეორე პროექტს უყარა, რომელიც თბოელექტროსადგურებისთვის მიუღებელი იყო.
მოქმედი ტარიფი კომპანია “ჯიფაუერისთვის” 7,397 ლარი იყო, ახალი ტარიფით განისაზღვრა 7,534 ლარი. შპს “მტკვარი ენერგეტიკისათვის” – მოქმედი ტარიფი 7,229 ლარი გაიზარდა 10,871 ლარამდე. რაც შეეხება საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციას, დღევანდელი ტარიფი 7,319 იყო, ახალი ტარიფი კი 10,194 ლარით განისაზღვრა.

news
ავტ.: news ივლისი 22, 2015 16:10

Google სტატისტიკა


4,416
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics