ელისო ჩაფიძე: მოვუწოდებ გიორგი ქადაგიძეს, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან“

news
ავტ.: news თებერვალი 27, 2015 17:03

ელისო ჩაფიძე: მოვუწოდებ გიორგი ქადაგიძეს, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან“

დეპუტატ ელისო ჩაფიძის განცხადებით, ისედაც მძიმე სავალუტო კრიზისის ფონზე არც პოლიტიკურ ძალებს და არც ეროვნულ ბანკს არ უნდა ჰქონდეს უფლება, რომ კინკლაობით და დამნაშავის გარკვევით დაკავდნენ.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა  განაცხადა, ეს არის კოფლიქტი, რომელიც არავის სარგებელს არ მოუტანს.

„არ ვურჩევდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, რომ ეს საკითხი პიროვნული ან პოლიტიკური დაპირისპირების ჭრილში გადაეყვანა. ასეთი ნიშნები უკვე არსებობს, მაგრამ ეს არ არის ის თამაში, რომელშიც რომელიმე მხარე მოგებული დარჩება. მე მოვუწოდებ მას, რომ ითანამშრომლოს საქართველოს მთავრობასთან, რათა გამოსწორდეს ის პრობლემები, რომელიც შეიქმნა როგორც ობიექტური, ანუ საგარეო ფაქტორების შედეგად, ასევე იმ გარკვეული სკანონმდებლო ხარვეზების შედეგად, რომელზეც უკვე ხელისუფლებაც ღიად საუბრობს, ვგულისხმობ საავიზო რეჟიმს“, – განაცხადა ჩაფიძემ.

დეპუტატის განმარტებით, ლარის გაუფასურების ერთ-ერთი სუბიექტური ფაქტორი არის ის პანიკაც, რომელიც ქვეყანაში შეიქმნა და ამანაც ლარის კურსის დევალვაცია გამოიწვია.

„ვფიქრობ, პირველი რიგის ამოცანაა იმ საფრთხეების იდენტიფიკაცია, რომელიც ეროვნულ ვალუტას გაუფასურებით ემუქრება. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ლარის კურსი დასტაბილურდება და იქნება დაახლოებით 2.00-ის ფარგლებში. მთავრობამ სტრატეგიული გეგმა წარმოადგინა, თუ როგორ აპირებს ამის გაკეთებას და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა რეალიზებადია“, – განაცხადა ჩაფიძემ.
რაც შეეხება ლარის კურსთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ამაზე ჩაფიძემ აღნიშნა, რომ დღეისათვის ბიძინა ივანიშვილი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე მას სრული უფლება აქვს შეაფასოს როგორც ეროვნული ბანკის, ასევე პარლამენტის და მთავრობის ქმედებები.

„ჩვენ ყველაფერს ძალიან ტრაგიკულად ნუ მივიღებთ. თუკი ვინმეს პრეტენზია გაუჩნდება იმ მოსაზრებებთან დაკავშირებით, რომელსაც თითოეული ჩვეთაგანი, მათ შორის მეც გამოვთქვამ, გამოხატვის შესახებ კანონში და ასევე სამოქალაქო კოდექსში არსებობს მუხლი პატივისა და ღირსების შელახვასთან დაკავშირებით და ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მიმართოს თავისუფალ სასამართლოს“, – აღნიშნა დეპუტატმა.

 

news
ავტ.: news თებერვალი 27, 2015 17:03