“დღეს რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება”

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, დღეს ქვეყანაშია რეალობა, როდესაც უმაღლესი ხელისუფლების პირები ლაპარაკობენ და კამათობენ ყველაფერზე გარდა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხებისა, პოლიტიკისა, ეკონომიკისა

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, დღეს მთავარ თემად იქცა, ვინ რომელ შენობაში უნდა იმუშაოს და ვინ როგორ უნდა მოიწყოს საკუთარი კომფორტი.

„იმ სრულიად გაუგებარ ვითარებაში, რომელშიც ქვეყნის ხელისუფლების ყველა შტო აღმოჩნდა, მარგველაშვილმა გამოიჩინა ნამდვილად დიდი პრინციპულობა, როდესაც გადაწყვიტა არ გაუწიოს ანგარიში ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანაგუნდელების მოთხოვნას, თუმცა კარგი იქნებოდა მარგველაშვილს არამარტო ამ საკითხში გამოეჩინა პრინციპულობა, არამედ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებშიც, რომლებიც ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას ეხება. რაც შეეხება ივანიშვილს – ნორმალურ ქვეყანაში გაუგებარი იქნებოდა, რატომ ანიჭებენ ასეთ დიდ მნიშვნელობას მის პოზიციას“, –
– განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ეს დაპირისპირება და გაუგებრობა, რომელიც ანგრევს სახელმწიფო ინსტიტუტებს და აზარალებს ქვეყნის ინტერესებს, არის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილის დამსახურება.

„მან პირდაპირ უყიდა საპრეზიდენტო სავარძელი გიორგი მარგველაშვილს, ხოლო დღეს რასაც ივანიშვილი აკეთებს, არის აბსოლუტურად გაუგებარი ახირება, რაც არამარტო მას, არამედ მთელ ქვეყანას აყენებს უხერხულ მდგომარეობაში. სამწუხაროა, რომ ქვეყნის ხელისუფლებას სცალია ამ თემებისთვის და ვერ ხედავს იმ უზარმაზარ გამოწვევებს, რაც ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე დგას,“ – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ვირუსის ბლოკატორები