დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც უცხოელებს საქართველოს ვიზის მისაღებად მოეთხოვებათ, კანონით განსაზღვრული აღარ იქნება

news
ავტ.: news მარტი 24, 2015 17:40 განახლებულია

დოკუმენტთა ჩამონათვალი, რომელიც უცხოელებს საქართველოს ვიზის მისაღებად მოეთხოვებათ, კანონით განსაზღვრული აღარ იქნება

მნიშვნელოვანი

  • პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით იცვლება მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის წინაპირობა. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნისთვის, უცხოელს წინა წელს მიღებული და გამოყენებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ერთი ვიზა მაინც. კანონპროექტით იცვლება აღნიშნული მოთხოვნა და დგინდება, რომ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნებისთვის, უცხოელი წინა წლის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა იყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ნამყოფი.

სხვა სტატიები

“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონიდან იმ დოკუმენტების ჩამონათვალი ამოდის, რომლის წარმოდგენაც უცხოელებს საქართველოს ვიზის მისაღებად მოეთხოვებათ. კონკრეტული გარემოებები, რომელთა დადასტურება აუცილებელია საქართველოს ვიზის მისაღებად და ასევე დოკუმენტები, რომლებიც სავიზო განაცხადს უნდა დაერთოს, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება.
“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” მოქმედი კანონის გათვალისწინებით, სავიზო განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს შემდეგ გარემოებებს: მგზავრობის მიზანი და სავარაუდო პირობები; მგზავრობისათვის საკმარისი ფინანსური სახსრების არსებობა მგზავრობისათვის სასურველი ვადის განმავლობაში; პირის ჯანმრთელობისა და უბედური შემთხვევის დაზღვევა; საქართველოს ტერიტორიის ტრანზიტით გავლისას პირის დანიშნულების ქვეყანაში შესვლის გარანტიები, გარდა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის დროს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე სატვირთო ავტომანქანის ძირითად და დამატებით მძღოლებზე ტრანზიტული ვიზების გაცემის შემთხვევისა. გარდა ამისა, მოქმედი კანონით, აუცილებლობის შემთხვევაში, საქართველოს ვიზის გამცემმა ორგანომ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტები ან საქართველოს ვიზის მიღების მსურველი უცხოელი მიიწვიოს გასაუბრებაზე, რათა შემოწმდეს: განმცხადებლის ვინაობა; სავიზო განაცხადსა და თანდართულ დოკუმენტებში აღნიშნული მონაცემების ნამდვილობა; ფინანსური სახსრების ლეგალურობა; მგზავრობის მიზანი, მარშრუტი და ხანგრძლივობა; განმცხადებლის უკან დაბრუნების გარანტიები. ასევე საქართველოს ვიზის მისაღებად არასრულწლოვანს და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირს ესაჭიროება მისი კანონიერი წარმომადგენლის დამოწმებული თანხმობა, ხოლო დიპლომატიური და სპეციალური ვიზების გაცემისათვის აუცილებელია შესაბამისი სახელმწიფოს საგარეო უწყების, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების ან იმ ორგანიზაციის წერილობითი მომართვა, რომლის თანამშრომლებიც დიპლომატიური ან სპეციალური/მასთან გათანაბრებული სტატუსით სარგებლობენ.
პარლამენტში განსახილველად წარდგენილი პროექტი კანონიდან იმ დოკუმენტების ჩამონათვალის ამოღებას ითვალისწინებს, რომელთა წარმოდგენა საქართველოს ვიზების მისაღებად აუცილებელია. კანონიდან ასევე ამოდის გასაუბრებაზე დასაზუსტებელი საკითხების ჩამონათვალი, ასევე არასრულწლოვანი და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირისთვის საქართველოს ვიზის გაცემის შემთხვევაში მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის საჭიროების შესახებ ჩანაწერი, რაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით დადგინდება.
გარდა ამისა, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით ფართოვდება საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვის შესაძლებლობა. კანონის დღეს მოქმედი რედაქციით, უცხოელს, რომელიც მესამე სახელმწიფოში იმყოფება, აღნიშნულ მესამე სახელმწიფოში მდებარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობისთვის/საკონსულო დაწესებულებისთვის საქართველოს ვიზის მიღების მოთხოვნით მიმართვის უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ მისი მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს არა აქვს დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება. კანონპროექტით აღნიშნული შეზღუდვა უქმდება და დგინდება, რომ უცხოელს, რომელიც იმყოფება სხვა სახელმწიფოში, საქართველოს ვიზის მისაღებად ადგილსამყოფელ ქვეყანაში მდებარე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის/საკონსულო დაწესებულებისათვის მიმართვა შეუძლია, მიუხედავად იმისა, მისი მოქალაქეობის ქვეყანაში საქართველოს აქვს თუ არა დიპლომატიური წარმომადგენლობა/საკონსულო დაწესებულება.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით იცვლება მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის წინაპირობა. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნისთვის, უცხოელს წინა წელს მიღებული და გამოყენებული უნდა ჰქონდეს საქართველოს ერთი ვიზა მაინც. კანონპროექტით იცვლება აღნიშნული მოთხოვნა და დგინდება, რომ მრავალჯერადი მოკლევადიანი ვიზის გაცემის მიზნებისთვის, უცხოელი წინა წლის განმავლობაში ერთხელ მაინც უნდა იყოს საქართველოში კანონიერი საფუძვლით ნამყოფი.
მთავრობამ უცხოელებზე საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და ზოგადად, სავიზო რეგილაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მთელ რიგ ახალ საკანონმდებლო ნორმებში, რომელიც ამ მიმართულებით პარლამენტის მიერ “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის ფარგლებში იქნა მიღებული და 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, ცვლილებები შედის.
შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.

news
ავტ.: news მარტი 24, 2015 17:40 განახლებულია

Google სტატისტიკა


3,536
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics