დავით უსუფაშვილი ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

news
ავტ.: news ივნისი 21, 2015 12:44

დავით უსუფაშვილი ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვიცე პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვიცე პრეზიდენტს, კარლჰაინც კოპფს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კარლჰაინც კოპფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს სამძმარი გამოუცხადა და მწუხარება გამოთქვა 13 ივნისს, თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო.
დავით უსუფაშვილმა ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვიცე პრეზიდენტს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და სტუმრის საქართველოში ბოლო ვიზიტი გაიხსენა, რომლის დროსაც კარჰლაინც კოპფი საქართველოს პარლამენტში საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას დაესწრო.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე ისაუბრეს. დავით უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მისივე განცხადებით, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლა არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანას და ევროკავშირს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებსაც მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
ისაუბრეს ვიზალიბერალიზაციის შესახებაც. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, საქართველო წლის ბოლოს ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ მიმდინარე ფაზას დაასრულებს და შემდგომი ნაბიჯებისთვის იქნება მზად.
მხარეებმა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკა განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში, კერძოდ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსაც. განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და რუსეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეკავშირეობის ხელშეკრულების გაფორმების საკითხიც.
ავსტრიის ეროვნული საბჭოს ვიცე პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ავსტრია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
კარლჰაინც კოპფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ავსტრიაში მიიწვია.

news
ავტ.: news ივნისი 21, 2015 12:44