დავით საგანელიძე: პრეზიდენტმა უმრავლესობის თხოვნა არ გაითვალისწინა

უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე უმრავლესობისთვის რამდენიმე კანდიდატურის წარდგენა შესთავაზა, რაც პრეზიდენტმა არ გაითვალისწინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანელიძემ განუცხადა.
უმრავლესობის ლიდერის თქმით, პრეზიდენტმა არც ის გაითვალისწინა, კანდიდატურა ოფიციალურად მას შემდეგ დაესახელებინა, რაც საკითხზე მსჯელობა კოალიციის ფარგლებში გაიმართებოდა.

“უმრავლესობასა და პრეზიდენტს შორის კანდიდატთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ერთი თვის განმავლობაში მიდიოდა. პრეზიდენტთან დღეს დილითაც გახლდით. ჩვენს მიერ შეთავაზებული წინადადება, რომელზეც მე ადრეც გავაკეთე განცხადება, რომ მის მიერ დასახელებული ყოფილიყო ორი-სამი კანდიდატურა მაინც, რათა უმრავლესობას, კოალიციას ჰქონოდა მათ შორის საუკეთესოს ამორჩევის საშუალება, ვისაც მეტი მხარდაჭერა ექნებოდა. სამწუხაროდ ეს პრეზიდენტის მიერ უარყოფილ იქნა. მან მიიღო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი კანდიდატურის დასახელების შესახებ. შეთანხმებისამებრ, რომ კანდიდატურა კოალიციასთან შეთანხმებული ყოფილიყო, რომ ჩვენ გვცოდნოდა რა მასშტაბის მხარდაჭერა ექნება ამ კანდიდატს, მას შევთავაზე, რომ კანდიდატურა განხილული იქნებოდა კოალიციაში და მას ექნებოდა ინფორმაცია კოალიციის მოსაზრების თაობაზე, რის შემდეგაც უმჯობესი იქნებოდა გაეკეთებინა უკვე ოფიციალური განცხადება და კანდიდატურა ოფიციალურად წარმოედგინება. სამწუხაროდ, ბატონმა პრეზიდენტმა შეთანხმების ეს ნაწილიც უარყო და მან მიიღო გადაწყვეტილება დაესახელებინა მხოლოდ ერთი კანდიდატურა. ეს მისი უფლებაა და მისი გადასაწყვეტია. შესაბამისად, საკითხი კოალიციაში და უმრავლესობაში განხილული არ ყოფილა, შეთანხმებული არ ყოფილა და ძალიან გამიჭირდება კოალიციაში შემავალი სუბიექტების ნაცვლად საუბარი. უახლოეს ხანებში კოალიცია საკითხს აუცილებლად განიხილავს და იმედია ერთიან პოზიციაზე ჩამოყალიბდება”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.

ვირუსის ბლოკატორები