დავით საგანელიძე: პრეზიდენტმა საზოგადოებას და პარლამენტსაც დაანახა, რომ მას აქვს უფლება, ერთი კვირით შეაჩეროს მთავრობის დამტკიცება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში არის ლოგიკური საფუძველიც.
როგორც საგანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, სასურველი იქნებოდა, მთავრობის დამტკიცება არ გაჭიანურებულიყო, თუმცა პრეზიდენტმა კონსტიტუციით მინიჭებული უფლება გამოიყენა.
“პრეზიდენტს გუშინ გაეგზავნა მთავრობის შემადგენლობაზე ინფორმაცია და ამავე დროს, თხოვნა რაც შეიძლება დაჩქარებულ ვადებში მიცემოდა პარლამენტს საშუალება, დაემტკიცებინა მთავრობის ახალი შემადგენლობა. ძალიან სასურველი იქნებოდა, რაც შეიძლება მალე მიეღო მთავრობის შემადგენლობას სრული ლეგიტიმაცია იმ მოვლენების გამო, რაც უახლოეს დღეებში ხდება საქართველოში. შესაბამისად, ეს იყო ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი და ეს იქნებოდა სახელმწიფოროებივად გადაწყვეტილების მიღების ძირითადი საფუძველი. მოსაზრებები, რაც პრეზიდენტმა ბრძანა, რომ პარლამენტს მიეცეს ფიქრისთვის მეტი დრო, სადღაც ამაში ლოგიკაც არის, პრეზიდენტმა გამოიყენა თავისი უფლებები და საზოგადოებას და პარლამენტსაც დაანახა, რომ მას აქვს უფლება, ერთი კვირით შეაჩეროს მთავრობის დამტკიცება. ეს არაფერს არ ცვლის, რადგან მთავრობა მუშაობს და აქვს სრული მანდატი მუშაობის. დროებით მთავრობაზე საუბარი არ არის. პრეზიდენტი არის იმ როლში, რასაც ჰქვია არაპარტიული, დამოუკიდებელი პირი, არა რომელიმე პარტიაზე ორიენტირებული პიროვნება, არამედ პირი, რომელსაც აქვს თავისი საკონსტიტუციო უფლებები და ცდილობს, გამოიყენოს ეს უფლებები”, -განაცხადა დავით საგანელიძემ ჟურნალისტებთან.

ვირუსის ბლოკატორები