დავით საგანელიძე: ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტისთვის უფრო მეტი იქნებოდა ობიექტურობა, ვიდრე სუბიექტურობა

news
ავტ.: news აპრილი 21, 2015 16:17

დავით საგანელიძე: ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტისთვის უფრო მეტი იქნებოდა ობიექტურობა, ვიდრე სუბიექტურობა

ავლაბრის რეზიდენციაში დარჩენის თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილება არის უფრო სუბიექტური გადაწყვეტილება და არა ობიექტური , რომელიც სჭირდება ჩვენნაირი ტიპის კონსტიტუციის და საფინანსო მდგომარეობის მქონე ქვეყანას, – ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბარში პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ.

“ძალიან ვწუხვარ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ასეთი განცხადება გაკეთდა. ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, მიდგომა უნდა ყოფილიყო ბევრად უფრო პრაგმატული, ბევრად უფრო ობიექტური და ბევრად უფრო სახელმწიფოებრივი, ვიდრე საკუთარ ინტერესებზე მორგებული. ჩემთვის ეს არის უფრო სუბიექტური გადაწყვეტილება და არა ობიექტური, რომელიც სჭირდება ჩვენნაირი კონსტიტუციის და საფინანსო მდგომარეობის მქონე ქვეყანას”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტს ავლაბრის რეზიდენცია იძულებით დაატოვებინოს, საგანელიძის განმარტებით, ამ შემთხვევაში კანონი არ განსაზღვრავს, რომ პრეზიდენტის სასახლე მაინცდამაინც რომელიმე კონკრეტულ შენობაში უნდა იყოს.
“მე კანონმორჩილი ადამიანი ვარ. ჩემთვის პირველი და აუცილებელი არის სწორედ კანონი, ეს არის წესი და რიგი, როგორ უნდა იცხოვროს ქვეყანამ და შემდეგ უნდა იყოს მიდგომა, რა მინდა და რა არ მინდა. ამ შემთხვევაში, მე როგორც ვიცი, კანონი ვერ განსაზღვრავს, რომ მაინცდამაინც გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული, პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს არა იმ შენობაში, არამედ სხვა რომელიმე შენობაში. ამიტომ ჩვენ კანონს უნდა დავემორჩილოთ, თუმცა ვფიქრობდი, რომ პრეზიდენტისთვის უფრო მეტი იქნებოდა ობიექტურობა, ვიდრე სუბიექტურობა”,-აღნიშნა საგანელიძემ.

news
ავტ.: news აპრილი 21, 2015 16:17