დავით კერესელიძე: რუსეთისგან მოყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მზაობა არ არის

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 16:51

დავით კერესელიძე: რუსეთისგან მოყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მზაობა არ არის

სამწუხაროდ, რუსეთისგან მოყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მზაობა არ არის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დავით კერესელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება.
“ამასთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან. საქართველოსგან იყო გაგზავნილი მოთხოვნა, სამწუხაროდ, მეორე მხარისგან ამაზე მზაობა არ არის. გაგრძელდება კიდევ მუშაობა იუსტიციის სამინისტროსა და სხვა უწყებების მხრიდან”, – განაცხადა კერესელიძემ.
განცდილი მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით საქართველო რუსეთის ხელისუფლებისაგან 70,320,000 ევროს ითხოვს.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, 2015 წლის 2 ივლისს საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან კოლექტიურად გამოძევებული ქართველების დარღვეული უფლებების აღდგენის მიზნით სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს პოზიციის ამსახველი დოკუმენტი წარადგინა და კომპენსაცია მოითხოვა.
სამინისტროს განმარტებით, მითითებული დოკუმენტი ეფუძნება 2014 წლის 3 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე − “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ” − გამოტანილ გადაწყვეტილებას, რომლითაც ქართველების უფლებების დარღვევების არაერთი ფაქტი დადგინდა.

news
ავტ.: news ივლისი 3, 2015 16:51