პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო – ლელო“ დაგროვებითი საპენსიო სისტემისა და საპენსიო სააგენტოს სრულ რეფორმას ითხოვს. პარტიის წარმომადგენლის, თაზო დათუნაშვილის განცხადებით, მოქმედი მოდელი ჩავარდა და ფონდში აკუმულირებული 9.7 მილიარდი ლარის გადასარჩენად სასწრაფო ცვლილებებია საჭირო.
დათუნაშვილის თქმით, 8 წლის განმავლობაში მოქალაქის მედიანური საპენსიო დანაზოგი მხოლოდ 2 400 ლარია, ხოლო წლიური სარგებელი — დაახლოებით 300 ლარი, რაც მაღალი ინფლაციის ფონზე დანაზოგს სრულად აუფასურებს.
2035 წლისთვის პენსიონერთა რაოდენობა არსებული 800 ათასიდან 1.1 მილიონამდე გაიზრდება, რაც სახელმწიფო ბიუჯეტზე ტვირთს საგრძნობლად გაზრდის.
ფონდის აქტივები დაბალრისკიან პორტფელებშია დაბანდებული, რაც დაბალ ამონაგებს განაპირობებს. ამასთან, შეზღუდულია კერძო საპენსიო ალტერნატივების განვითარება.
„300-ლარიანი წლიური სარგებელი ნიშნავს, რომ თქვენ მხოლოდ საკუთარი ხელფასის 2%-ს აგროვებთ. ის ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაფარავს ჩვენი თანამოქალაქეების ღირსეულ პენსიას. სისტემა კატასტროფულ ვითარებაშია“, — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
დათუნაშვილის განცხადებით, გამოსავალი კერძო სექტორის აქტიურ ჩართულობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასა და მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების (ანაკლიის პორტი, რკინიგზის მოდერნიზაცია) განვითარებაშია, რაც მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებსა და ეკონომიკის გაჯანსაღებას უზრუნველყოფს.














