გიორგი ქადაგიძე: თუ ზეწოლა გაძლიერდა, მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ

თუ ზეწოლა გაძლიერდა, მზად ვართ უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც ქადაგიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ეროვნული ბანკი და მთავრობა თანხმდება ძირითად ეკონომიკურ პარამეტრებზე, ასევე თანხმდება იმაზე, რომ კურსი დღეს არის თავის პიკში. ქადაგიძის თქმით, სხვა თანაბარ პირობებში კურსზე ზეწოლა მოსალოდნელი არ არის.
“იმ შემთხვევაში, თუ ზეწოლა გაძლიერდა, ჩვენ მზად ვართ, უფრო აგრესიული მონეტარული პოლიტიკა განვახორციელოთ. თავის მხრივ, მთავრობა გამოხატავს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში ბიუჯეტის კორექტირება მოახდინოს. ამასთან, ვთანხმდებით სავალუტო ფონდის მიმოხილვის განახლების აუცილებლობაზე. ყველა ეს ღონისძიება ერთობლივად გვაძლევს იმის საშუალებას, ვივარაუდოთ, რომ უახლოეს პერიოდში საშუალოვადიან პერსპექტივაში კურსი მნიშვნელოვნად დასტაბილურდება”, – განაცხადა ქადაგიძემ.
კითხვაზე, რა იგულისხმება მკაცრ მონეტარულ პოლიტიკაში, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, მათ შორის, თუ საჭირო გახდა, სავალუტო ინტერვენციებსაც.
რაც შეეხება ეროვნული ბანკისგან საბანკო ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფას, ქადაგიძის თქმით, ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პოზიცია ცნობილია და ის აღარ გაიმეორებს. “დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც აწუხებს ყველას, ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს, რა თქმა უნდა, არის ლარის კურსი, ეს არის პრიორიტეტული”, – აღნიშნა გიორგი ქადაგიძემ.
სავალუტო ფონდის მიმოხილვასთან დაკავშირებით ქადაგიძემ განაცხადა, რომ მთავრობასთან არის მკაფიო შეთანხმება, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება მიმოხილვის სწრაფად დასრულება. “ვინაიდან ჩვენ ვთვლით, რომ აღნიშნული კურსი დღეს არის პიკში და ვთვლით, რომ ფუნდამენტური ფაქტორები აღმოფხვრილია, რაზეც საუბარი იყო, ჩვენ მზად ვართ, საჭიროებისამებრ გაცილებით უფრო აგრესიული პოლიტიკა გავატაროთ და ამას გავაკეთებთ კიდეც”, – განაცხადა ქადაგიძემ.
კითხვაზე, ხომ არ აპირებს ეროვნული ბანკი რეფინანსირების სესხების შემცირებას, ქადაგიძემ აღნიშნა, რომ რეფინანსირების სესხები არ ახდენს გავლენას ლარის კურსზე. “ამაზე უამრავჯერ იყო საუბარი. ამაზე თანხმდება ყველა თავმოყვარე ეკონომისტი, ამაზე სხვა კომენტარს არ გავაკეთებ”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ვირუსის ბლოკატორები
წინა სტატიაშიპეტრე პოროშენკო: უკრაინა ნატოში გასაწევრიანებლად მზად არ არის
შემდეგი სტატიახატია ბუნიათიშვილი ოდესაში კონცერტით ჩადის…