გიორგი ქადაგიძე – ეროვნული ბანკის ქმედებები იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური

ქადაგიძე

ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
“ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ქმედებები, იყო და არის სწორი, დროული და ადეკვატური. ეს აღიარებულია ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ არაერთხელ. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ თანმიმდევრულად იმ ნაბიჯების გადადგმას, რომელიც საჭიროა, რათა მაქსიმალურად შევარბილოთ ის პროცესები, რაც დღეს ეკონომიკაში მიმდინარეობს”, – განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება საკითხის ფუნდამენტურად გადაჭრას, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორებით, ქვეყანაში სავალუტო შემოდინებების აღდგენით. “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეროვნული ბანკის გადადგმული ნაბიჯები და მიღებული გადაწყვეტილებები აღიარებული და მხარდაჭერილია ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არაერთხელ ბოლო პერიოდის განმავლობაში”, – განაცხადა ქადაგიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. როგორც ივანიშვილმა გუშინ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსთან დაკავშირებით ჩარევა დააგვიანა და მოახერხა ეს პროცესი აჟიოტაჟში გადაეტანა.

ვირუსის ბლოკატორები