გიორგი მარგველაშვილმა “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2015 14:34

გიორგი მარგველაშვილმა “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა

როგორც პრეზიდენტმა, პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლის დროს განაცხადა, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა და ამასთან დაკავშირებული საკითხის ინიცირებისკენაც მან პარლამენტს მიმდინარე საგაზაფხულო სესიის ფარგლებში მოუწოდა.
“საზოგადოების მდგრადობისთვის არსებითია სტაბილური პოლიტიკური სისტემა, რომელიც პასუხობს ხალხის ინტერესებს, უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების გაძლიერებას – სხვაგვარად რომ ვთქვათ, საჭიროა ევროპული ტიპის პოლიტიკური სისტემა. ასეთი ტიპის სისტემის ფორმირებისთვის კი, საკვანძოა სწორი საარჩევნო მოდელის დანერგვა. არსებული სისტემის ხარვეზებზე ხაზი გასმულია “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო პროგრამაში. სხვა ცვლილებებთან ერთად, საერთო აზრით, პრინციპულია მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლა. იმისთვის, რომ ეს შედეგები უკვე შემდეგ არჩევნებზე მივიღოთ, აუცილებელია ამ ცვლილების ინიცირება უკვე საგაზაფხულო სესიაზე. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ორგანოთა ფუნქციონირებას. სწორედ სახელმწიფო ორგანოთა გამართულ ფუნქციონირებაზე დამოკიდებული ქვეყნის წინსვლა და წარმატება”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
ამასთან, ქვეყნის პირველმა პირმა სამოქალაქო სექტორის როლზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის სახელმწიფოს გაძლიერებაში გადამწყვეტ როლს ასრულებს.
“ყველა ვეთანხმებით, რომ ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბების პროცესში აქტიური სამოქალაქო საზოგადოება გადამწყვეტ როლს ასრულებს და აძლიერებს სახელმწიფოს. ჩვენ ველით, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ხელისუფლებასთან დიალოგით, პრობლემების გადაწყვეტის გზების შეთავაზებით, დასაბუთებული კრიტიკით, უფრო მეტ წვლილს შეიტანენ ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის საქართველოს მშენებლობის საქმეში”, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 31, 2015 14:34

Google სტატისტიკა


14,306
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics