გიორგი მარგველაშვილი: მედიის გარეშე ჩვენ, პოლიტიკოსები აღარ ვიქნებოდით

news
ავტ.: news ოქტომბერი 6, 2015 10:04

გიორგი მარგველაშვილი: მედიის გარეშე ჩვენ, პოლიტიკოსები აღარ ვიქნებოდით

იმედი მაქვს, ქართული პოლიტიკური ძალები გაიზრდებიან ქართველი ამომრჩევლის დონემდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში”, მედიის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობაზე საუბრისას განაცხადა.
ქვეყნის პირველმა პირმა “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებული მოვლენები შეაფასა და როგორც აღნიშნა, ყველა პოლიტიკოსს უნდა ახსოვდეს, რომ მედიის გარეშე ისინი პოლიტიკოსები არ იქნებოდნენ.
“ჩვენ, თითოეულმა ქართველმა პოლიტიკოსმა, რომელსაც მიგვაჩნია, რომ დემოკრატიული თამაშის წესებით ვთამაშობთ, მხარი უნდა დავუჭიროთ ზოგადად მედიას და გვახსოვდეს, რომ მედიის გარეშე ჩვენ პოლიტიკოსები აღარ ვიქნებოდით – შეიძლება ქვეყანაზე მაინც ვზრუნავდეთ, მაგრამ სხვა ფორმით და არა პოლიტიკაში მონაწილეობით. აქედან გამომდინარე, ჩემი და მთელი პოლიტიკური სპექტრის მხარდაჭერა უნდა გქონდეთ თქვენ და სხვა მედია არხებსაც”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
რაც შეეხება შეკითხვას, ხომ არ არის უმჯობესი, “დიპლომატიური ტიპის” განცხადებების ნაცვლად მან “რუსთავი 2”-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე უფრო მკაფიო შეფასებები გააკეთოს, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არა პოლიტიკოსებს, არამედ ქართულ აუდიტორიას ესაუბრება.
“მე არც თქვენ არ გესაუბრებით ამ შემთხვევაში და არც ერთი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელს, არც ერთ პოლიტიკოსს. მათთან საუბარი თუ მინდა, მე მოვახერხებ ამ საუბარს სხვა რეჟიმში. მე ვესაუბრები ქართველ ამომრჩეველს.
იმედი მაქვს, რომ ქართული პოლიტიკური ძალები გაიზრდებიან ქართული ამომრჩევლის დონემდე, იმდენად კარგად ესმის ქართველ ამომრჩეველს აქცენტები, იმდენად სიღრმისეულად აანალიზებს ვითარებას ხშირად პოლიტიკოსებზე ბევრად ადრე სწორად აყალიბებს აქცენტებს. ამიტომ მე არ ველაპარაკები პოლიტიკოსებს, ველაპარაკები ქართველ ამომრჩეველს, რომელსაც გულწრფელად ვუზიარებ პროცესებთან დაკავშირებით ჩემ შეფასებას.
მე მიმაჩნია, რომ მეც, ამომრჩეველიც და მთლიანად საზოგადოებაც რაღაცებს უნდა გავუფრთხილდეთ. ამ ვითარებაში მუდმივად არის მცდელობა, რომ მე ან ერთი მხარე დავიკავო, ან მეორე მხარე, ჩემი მიზანი კი არის გავუფრთხილდე სახელმწიფოებრიობას, გავუფრთხილდე პროცესებს, სადაც შესაძლებელია პოლიტიკოსებისთვის მოწოდებით, საზოგადოების ჩართულობით მივიდე კონსენსუსამდე და ქვეყანა განვითარდეს, როგორც ევროპული დემოკრატია, სადაც ხელისუფლებას ცვლიან მოქალაქეები. დამიჯერეთ, როცა მოქალაქეებს ექნებათ არჩევანი, ძალიან ღრმა და სწორ არჩევანს გააკეთებენ. ერთადერთი რამ მინდა – მომავალ არჩევნებზე პოლიტიკური ძალები იყვნენ ღირსნი ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერის და იმ დიდი ცოდნის, უნარის და სხვათაშორის სამართლიანობის, რომელიც მათში არის.
ერთი სიტყვით, შესაძლოა მიგაჩნიათ, რომ სხვა ტიპის განცხადებას უნდა ვაკეთებდე, მაგრამ მე ვესაუბრები ამომრჩეველს, რომელსაც გულწრფელად ვუზიარებ ჩემ შეხედულებას”, – მიმართა პრეზიდენტმა გადაცემის წამყვანს.

news
ავტ.: news ოქტომბერი 6, 2015 10:04

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,315
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics