გიორგი მარგველაშვილი: ბელარუსი მეგობრები ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

news
ავტ.: news აპრილი 23, 2015 13:19

გიორგი მარგველაშვილი: ბელარუსი მეგობრები ყოველთვის მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელარუსის – საბაჟო კავშირთან, ამ განვითარებამ ჩვენი ურთიერთობები არ უნდა შეზღუდოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“შეხვედრაზე დეტალურად გავიარეთ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებისა და ჩვენი ურთიერთობების გაფართოების საკითხები. ეს არის ბელარუსის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან საფუძველს დაუდებს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების უფრო გარღმავებას და თანამშრომლობის გაფართოებას. ამ წარმომადგენლობით ვიზიტს თან სდევდა ძალიან წარმომადგენლობითი ბიზნესფორუმი, რომელიც ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას, ბიზნესსექტორს მისცემს ახალ იმპულსს და მოგვცემს შესაძლებლობას, ჩვენი ურთიერთობები გავაღრმავოთ და გავაფართოვოთ მთელ რიგ საკითხებში. სულისკვეთება რომელიც თან ახლდა ჩვენს შეხვედრებს ამ მიმართულებით იყო ხაზგასასმელი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა ღრმავდება ევროკავშირთან, ხოლო ბელარუსის ეკონომიკური ურთიერთობების კავშირები ღრმავდება საბაჟო კავშირის მიმართულებით, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ამ განვითარებამ კი არ უნდა შეუზღუდოს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები, არამედ პირიქით, ახალი პოტენციალი მისცეს როგორც საქართველოს, ასევე ბელარუსის ეკონომიკას”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ასევე გამოხატა მადლიერება იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ბელარუსმა საქართველოს მიმართ გამოიჩინა და აღნიშნა, რომ ძალიან რთულ ვითარებაში ბელარუსი მეგობრები ყოველთვის ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა ბელარუსის როლს უკრაინის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.
“ხაზგასასმელია ის უმნიშვნელოვანესი როლი, რომელსაც ჩვენი ბელარუსი მეგობრები თამაშობენ ჩვენი ერთიანი საარსებო სივრცის პრობლემების მშვიდობიანი გადაჭრების მიმართულებით. მინსკი გახდა ის ქალაქი, სადაც რეალურად ხდება შეთანხმებები მშვიდობის, რეგიონის სტაბილურობის და მისი მდგრადობის გადასაწყვეტად. ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ჩვენ შევეხეთ უკრაინის პრობლემას და იმ პოზიტიურ იმპულსს, რაც მინსკმა ამ თვალსაზრისით შექმნა და მისცა როგორც უკრაინელ ხალხს, ასევე მთელ რეგიონს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ალექსანდრე ლუკაშენკოს და ბელარუსის სახელმწიფო დელეგაციას ვიზიტისთვის და გამოხატა რწმენა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ძალიან აქტიური და ეფექტური თანამშრომლობისთვის.

news
ავტ.: news აპრილი 23, 2015 13:19

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics