გიორგი კვირიკაშვილს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტზე რამდენიმე შენიშვნა აქვს

news
ავტ.: news ივნისი 27, 2015 18:38

გიორგი კვირიკაშვილს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტზე რამდენიმე შენიშვნა აქვს

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებულ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს.

სხვა სტატიები

საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით დამტკიცებულ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რამდენიმე შენიშვნა აქვს.
როგორც კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, აღნიშნულ შენიშვნებს კანონპროექტის ავტორებს გაუზიარებს, რომლებთანაც შეხვედრას გეგმავს.
“ჩვენ ჩართული ვართ ძალიან მჭიდრო დიალოგში ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან. მათი რეკომენდაციები მიღებული და მოსმენილია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველი ვერსიის შემდეგ კანონპროექტში ბევრი რამ შეიცვალა. აუცილებელია გათვალისწინებულ იყოს საზედამხედველო სააგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა და პროფესიონალიზმის სტანდარტი, რომელიც იქ მომუშავე ადამიანებს, მათ შორის ბორდის წევრებს უნდა ჰქონდეს. ამ კუთხით ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, კანონპროექტში ბევრი შესწორება შევიდა და ჩვენ და პირადად მე, კიდევ გამაჩნია რამდენიმე შენიშვნა, რომელსაც კანონის ავტორებს გავუზიარებ. მაქსიმალურად ვეცდები, რომ ეს პრინციპები იქნას გათვალისწინებული. ასეთივეა პრემიერ-მინისტრის განწყობაც, რომელიც მიიჩნევს, რომ რამდენადაც შესაძლებელია, უნდა იქნას მიღწეული კონსენსუსი, რათა არ დაირღვეს ამ სააგენტოს პოლიტიკური დამოუკიდებლობის და პროფესიონალიზმის პრინციპები. კანონპროექტში არის რამდენიმე კომპონენტი, რომელიც შესაძლოა იყოს შესაცვლელი, მათ შორის ბორდის წევრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებით და ა. შ. ამაზე სამუშაო რეჟიმში აუცილებლად შევჯერდებით”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ეკონომიკის მინისტრს იმედი აქვს, რომ ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე მიღწეული იქნება ისეთი კომპრომისული ვარიანტი, რომელიც მაქსიმალურად იქნება მისაღები ყველასთვის და მათ შორის საერთაშორისო საზოგადოებისთვის.
“საერთაშორისო ინსტიტუტების აზრი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ბევრს ვმუშაობთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მისაღები გავხადოთ ეს კანონპროექტი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის”, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება შეკითხვას, იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი აპირებს პარლამენტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს ვეტო დაადოს, კვირიკაშვილის შეფასებით, “ეს ძალიან სამწუხარო იქნება”.

news
ავტ.: news ივნისი 27, 2015 18:38

Google სტატისტიკა


58,429
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics