გიორგი კვირიკაშვილი: ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია

აბაშიძე-კარასინის ფორმატის გაფართოება შეუძლებელია

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და მადლობა გადაგვიხადა ჩვენი კონტრიბუციისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების ოპერაციებში მონაწილეობისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს შტაბბინაში, ალიანსის გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან გამართული შეხვედრის შემდეგ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.

იენს სტოლტენბერგთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელიც.

“ჩვენ ვისაუბრეთ დეკემბრის მინისტერიალის მომზადების პროცესზე, იმ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რათა მოხდეს აზრის კონსოლიდაცია საქართველოს შესახებ, თუ როგორ უნდა აღინიშნოს ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ მიაღწია ნატო-ს გზაზე და რა თქმა უნდა, ვარშავის სამიტისთვის მომზადების პროცესზე. განვიხილეთ ასევე უსაფრთხოების სიტუაცია რეგიონში. გენერალურმა მდივანმა აღგვითქვა მაქსიმალური დახმარება იმისთვის, რომ საქართველომ მოახდინოს ნატო-ს წევრ ქვეყნებში აზრის კონსოლიდაცია საქართველოს პროგრესის აღნიშვნის კუთხით. თუ რა სახით იქნება ეს პროგრესი აღნიშნული, იქნება ეს MAP-ი თუ სხვა, ამას რა თქმა უნდა, დრო გვაჩენებს. ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალური გავაკეთოთ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, MAP-ი არის ის ლოგიკური შემდეგი ნაბიჯი, რომელსაც საქართველო უნდა მოელოდეს, თუმცა საბოლოო მიზანი არის ნატოს წევრობა და ეს არის ყველაზე მთვარი. რასაც ჩვენ ხაზი გავუსვით არის, რომ საქართველოს მთავრობისთვის ნატოს წევრობა რჩება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად პოლიტიკურ დღის წესრიგში”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, რთული იქნება ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის კონსოლიდაციის მიღწევა, თუმცა საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოს პროგრესი მაქსიმალურად აისახოს და ვარშავის სამიტზე მიღებული შედეგი იყოს გაცილებით უფრო მეტი, რაც დღეს გვაქვს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ხვალ ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ასევე ევროკომისართან გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანთან.