გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიცე-პრემიერმა უკვე გამართა შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრამ განსაკუთრებით თბილ და მეგობრულ გარემოში ჩაიარა. მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული და სტრატეგიული პარტნიორობა და დაადასტურეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას. აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებს. კმაყოფილებით აღინიშნა ორი ქვეყნის თანამშრომლობის მაღალი დონე და ვიზიტების ურთიერთგაცვლის აქტიური დინამიკა, რომელიც დამატებით იმპულსს შეიძენს უახლოეს მომავალში პრეზიდენტ ალიევის საქართველოში ვიზიტით.

შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა მხარეთა საერთო ძალისხმევაზე, განავითარონ პარტნიორობა ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების განხორციელებისაკენ.

განსაკუთრებით სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაციის თვალსაზრისით, რითაც საქართველო და აზერბაიჯანი განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში.

ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილმა გვირგვინით შეამკო აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის ჰეიდარ ალიევის საფლავი და მარადიული ცეცხლის კომპლექსი.

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ასევე, შეხვდება აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაში“აპრიორი არ ვენდობით მოსამართლე ურთმელიძის არც ერთ გადაწყვეტილებას”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა