გიორგი ბარამიძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 2, 2015 13:36

გიორგი ბარამიძის განცხადება მიხეილ სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნასთან დაკავშირებით

Baramidze-Gia-2 “ბევრჯერ გვითქვამს, რომ უკრაინის ბრძოლა საქართველოს მომავალს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს და შესაბამისად უკრაინის გამარჯვება, რომელიც რეალურად ორ ფრონტზე იბრძვის, საქართველოსათვის უმნიშვნელოვანესი პოზიტიური ფაქტორი იქნება. მოკლედ, უკრაინის გამარჯვება საქართველოს გამარჯვებაც იქნება! უკრაინას ერთი ფრონტი აღმოსავლეთში აქვს და რუსეთის ჰიბრიდული ომისა და აგრესიის მოგერიება უხდება, ხოლო მეორე, მე ვიტყოდი უფრო მნიშვნელოვანი ომი, მას თვით საკუთარ თავთან აქვს, ანუ იმ ბოროტებასთან, რაც მასში ბუდობს, სახელად კორუფცია და განუკითხაობა.

რუსეთის აგრესიის მოგერიება თითქმის შეუძლებელი იქნება ამ მეორე ომში გამარჯვების გარეშე. ქართველები (გამომდინარე უკრაინისადმი არა მარტო ემოციური პოზიტიური დამოკიდებულებიდან, არამედ საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან) ორივე ფრონტზე ვიბრძვით. ბევრი უკვე გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე აღმოსავლეთში. მეორე ფრონტი კი მძვინვარებს, მაგრამ შიდაპოლიტიკური უთანხმოებები (მრავალპარტიული სამთავრობო კოალიციიდან გამომდინარე) ისე სწრაფად ვერ მიდის, სამწუხაროდ, როგორც ეს თავის დროზე საქართველოში მოხდა. ამ რეფორმების სწრაფად განვითარებას ხელს უშლის ასევე, რუსული რბილი ძალა, რომელიც თავისი საცეცებით ცდილობს მათ ჩაფლავებას და უკრაინის შიგნიდან აფეთქებას – ხალხის ამხედრებას საკუთარი რევოლუციური ხელისუფლების წინააღმდეგ და (საქართველოს მსგავსად) ძალაუფლებაში პუტინისადმი ლოიალური ძალის მოყვანას (უკრაინას ოლიგარქები არ აკლია). რუსეთს ხომ მარტო ყირიმი და დონბასი არ უნდა (მსგავსად ჩვენი აფხაზეთისა და სამაჩაბლოსი), არამედ მთელი უკრაინა. ამას შიშველი სამხედრო ძალით ვერ ახერხებს და ამიტომ უფრო მნიშვნელოვან სამიზნედ, სწორედ უკრაინის კორუფციისგან დაბეჩავებული და სუსუტი, უნიათო სახელმწიფო ინსტიტუტების ქვეყნად, არშემდგარ სახელმწიფოდ გადაქცევა სურს.

ბუნებრივია, ასეთი ვითარებაში, ის ერთ ფრონტზეც დაამარცხებს მას და მეორეზეც. ამიტომ ნათელია მიშას და ჩვენი გუნდის (როგორც საქართველოს ყველაზე ეფექტიანი, ქმედუნარიანი პატრიოტებისა) სურვილი, რომ პუტინის გეგმა უკრაინაში არ განხორციელდეს და უკრაინამ პირველ რიგში მთავარ ანუ ანტიკორუფციული რეფორმების ფრონტზე გაიმარჯვოს. მითუმეტეს, როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი და პოლიტიკური ჯანსაღი ელიტა გვთხოვს გვერდით დავუდგეთ, ჩვენი ვალია აქაც უკრაინული და მაშასადამე, ქართული საქმე ვაკეთოთ.

უკრაინაში რეფორმების ტემპის დასაჩქარებლად ცხადი გახდა, რომ თუნდაც ერთ კონკრეტულ რეგიონში საჭიროა იმის სწრაფად დემონსტრირება, რაც შემდგომ უნდა გაკეთდეს მთელს ქვეყანაში. და ამ რეგიონთა შორის ყველაზე პრობლემურიც, რთულიც (სამხედრო-პოლიტიკური, სტრატეგიული, ეკონომიკური და კრიმინოგენული) თვალსაზრისით არის უკრაინის ერთადერთი (ყირიმის ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ) საზღვაო კარიბჭე – ოდესის ოლქი, რომელიც ესაზღვრება მთელს სიგრძეზე, მოლდოვას სეპარატისტულ დნესტრისპირეთს და წარმოადგენს რუსული სამხედრო აგრესიის შემდგომ მთავარ სამიზნეს.
მიშასადმი ამ რეგიონის გუბერნატორად წასვლის თხოვნა პრეზიდენტმა პოროშენკომ უკრაინისთვის, როგორც რეფორმების წარმატებისათვის უმნიშვნელოვანეს რეგიონში დანიშვნა სწორედ ამ ინტერესებიდან გამომდინარეობდა და ბუნებრივია მიშა ამ ბრძოლაში უკვე პირადად და უშუალოდ ჩართვისაგან უკან ვერ დაიხევდა და არც უნდა დაეხია, რადგან კარგად აცნობიერებს ყველაფერ ზემოთქმულს. ამისათვის ყველა აუცილებელი ფორმალობაც (მათშორის მოქალაქეობის მიღებაც) უნდა მოგვარებულიყო. და ეს ბევრი კრიტიკისის საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ბრძოლის ველიდან წასვლა კიარა, არამედ საქართველოს უშუალო და პირდაპირი ეროვნული ინტერესების სამსახურითაა ნაკარნახევი. მიკვირს, რომ ეს გადაწყვეტილება ზოგმა ჩემთვის საპატივცემულო და გონიერმა ადამიანმა სწორად ვერ შეაფასა.

რაც შეეხება მიშას საქართველოს მოქალაქეობის საკითხს, მას ამის უფლებას და საშუალებას (პრეზიდენტის მონდომების შემთხვევაში) საქართველოს კანონმდებლობა აძლევს, ხოლო უკრაინის კანონმდებლობით იგი სხხვა ქვეყნის მოქალაქობიდან გასვლის რეჟიმში შეიძლება კიდევ 2 წელი იყოს. 2 წელში კი ბევრი რამ, თუ ყველაფერი არა უნდა შეიცვალოს და მოგვარდეს. ასე რომ, მარგველაშვილზეა ახლა საქმე. დაუტოვებს თუ არა იგი საქართველოს მე-3 პრეზიდენტს ქვეყნის მოქალაქეობას.
რაც შეეხება ოდესის ოლქში განსახორციელებელ რეფორმებს, პირველი რიგის ამოცანები იქნება ყველა საკვანძო თანამდებობებზე გამოცდილი, სანდო და პატიოსანი პროფესიონალების დანიშვნა, ადგილობრივი დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია, მათი ეფექტიანობის გაზრდა და როგორც ყველგან უკრაინაში, მითუმეტეს კრიმინალით დაზარალებულ ოდესაში, არსებული კორუფციული სქემების განადგურება. ეს ბრძოლა იქნება სახიფათო მიშას პირადი სიცოცხლისთვისაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ აუცილებელი იქნება ჭეშმარიტად რევოლუციური, რადიკალური (საქართველოს მსგავსი და ჩვენი დადებითი და უარყოფითი გამოცდილების გათვალისწინებით) სწრაფი, მაქსიმუმ 1 წელში, რეფორმების გატარება და ამ დადებითი იმპულსის მთელი უკრაინისთვის გადაცემა. მე მჯერა, რომ მიშა და ადგილზე მისი გუნდი, ყველას ჩვენი დახმარებით თავს გაართმევს და წარმატებას მიღწევს. ეს იქნება უკრაინის გამარჯვება ჯერ მთავარ (შიდა) ფრონტზე, რაც შექმნის (საერთაშორისო მხარდაჭერით) რუსეთის აგრესიის (ყირიმსა და აღმოსავლეთში) მოგერიებისთვის. ეს იქნება უკრაინული დამოუკიდებელი, დემოკრატიული და ევროპული სახელმწიფოს დიდი გამარჯვება, პუტინის რუსეთის დამარცხება და საქართველოსა და მოლდოვასთვის (როგორც უკრაინასთან ერთად, აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოების) დიდი შანსი კიდევ უფრო წინ წავიწიოთ, დემოკრატიული ძლიერი სახელმწიფოს ასაშენებლად, ნატოსა და ევროკავშირში გასაწევრიანებლად და საბოლოოდ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ესაა მიშას და ყველა გონიერი პატრიოტის მთავარი ამოცანა და ყველას სწორედ ეს მიზანი უნდა გვამოძრავებდეს.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივნისი 2, 2015 13:36

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,490
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics