ბრალდებული გიორგი ცააძე მოწმეს: გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, მათი არ გეშინია

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 13:59

ბრალდებული გიორგი ცააძე მოწმეს: გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, მათი არ გეშინია

ჩვენი ძმაკაცები რომ არიან გარეთ, არ გეშინია? – ასე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კორტების სპეცოპერაციის ხელმძღვანელი პირების წინააღმდეგ საქმეზე ბრალდებულმა გიორგი ცააძემ მოწმე კობა გოგატიშვილს, რომელიც სპეცოპერაციას შეესწრო და აცხადებს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილსა და ალექსანდრე ხუბულოვს პისტოლეტით ცააძემ ესროლა, რის შემდეგაც ახალგაზრდებს იარაღი და ტყვიები ჩაუდეს.
მოწმის დაკითხვისას ცააძემ კობა გოგატიშვილს ჰკითხა, ბოლოს როდის იყო პროკურატურაში, რაზეც მოწმემ უპასუხა, რომ საგამოძიებო უწყებაში გუშინაც იმყოფებოდა. ამას დარბაზის მხრიდან სიცილი მოჰყვა, რაზეც მოსამართლემ დამსწრეებს შენიშვნა მისცა. გიორგი ცააძემ მოწმეს ასევე მიმართა, რომ 2006 წელს შემთხვევის ადგილზე პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში მას სახელი და გვარი არა აქვს მიწერილი და როგორ მოხდა, რომ პროკურატურაში დაიბარეს. ბრალდებულმა იკითხა მოწმე თავად გამოცხადდა თუ არა პროკურატურაში. კობა გოგატიშვილმა განაცხადა, რომ ის თავად პროკურატურაში იმ პერიოდში ვერ მივიდოდა, რადგან შიში ჰქონდა.
“გარეთ რომ ჩვენი ძმაკაცები არიან, იმათი არ გეშინია?” – ასე მიმართა ცააძემ მოწმეს შიშთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ კომენტარზე.
სასამართლო პროცესი ხმაურით დასრულდა. მედიის წარმომადგენლებს ინტერვიუს აძლევდა იური ვაზაგაშვილის და, მანანა ვაზაგაშვილი, რომელსაც დარბაზიდან გამომსვლელი ბრალდებულების ახლობლები მატყუარას უწოდებდნენ. ვითარების განმუხტვა მანდატურის სამსახურმა მალევე შეძლო.

news
ავტ.: news ივლისი 16, 2015 13:59