“ბოლომდე გაბანძებული საქართველო”–მიხეილ სააკაშვილი

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 22, 2015 01:15

“ბოლომდე გაბანძებული საქართველო”–მიხეილ სააკაშვილი

saakashvilli“აიპრესმა” საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რიგაში,  სასტუმრო “ასტორია რიგას” წინ, არაფორმალურ გარემოში ვიტალი კლიჩკოსთან, ასევე ელმარ ბროკთან ერთად დააფიქსირა და ჩვენი ინტერვიუც სწორედ იქ შედგა.

ბატონო მიხეილ, როგორია თქვენი მოლოდინი რიგის სამიტისგან? ალბათ გექნებათ თქვენი გათვლები…
დიახ, მაქვს და გეტყვით: იტყვიან ზოგადად, რომ თუ საქართველო ყველა პირობას შეასრულებს, 2016 წელს მიიღებს უვიზო მიმოსვლას. მაგრამ, ყველა პირობას შეასრულებს? ეს არის მთავარი კითხვა. ყველა პირობის შესრულება ნიშნავს რეფორმების გაგრძელებას, არ უნდა გაგრძელდეს რეფორმების შეყოვნება. გარდა ამისა, სულ უფრო მეტად დადგება დღის წესრიგში  პოლიტიკური ლიდერების საკითხი, რომლებიც ციხეში არიან და იდევნებიან. დღეს ევროპის ძალიან ბევრი ლიდერი  საუბრობდა ამაზე ჩვენთან და ამ საკითხს აუცილებლად წაუყენებენ საქართველოს ოფიციალური მთავრობის წარმოამდგენლებს.
პრობლემა ზოგადად იმაშია, რომ რაც უფრო შეფერხდება ჩვენთან ეკონომიკური განვითარება და რაც უფრო მეტად იქნება ასეთი პრობლემები, მით უფრო ნაკლებად შემოგვხედავენ საქართველოს სერიოზული თვალით. საქართველო ყოველთვის ავანგარდი იყო ყველაფრის და ახლა არის ცოტა მაჩანჩალა ბავშვივით.
ევროპის ლიდერები თქვენთან კონკრეტულად რა პრობლემებზე საუბრობენ საქართველოსთან დაკავშირებით?
ლაპარაკობენ… ლაპარაკობენ… ხომ ნახეთ, კანცლერმა  მერკელმა გააკეთა განცხადება, რომ რეფორმები არის მთავარი საკითხი. რა თქმა უნდა, ისმება მწვავე კითხვები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ევროპაში ასე არავინ არ იქცევა XXI-ე საუკუნეში. მაგალითად, მოლდოვას პრემიერს ურეკავს ღარიბაშვილი და ვრცლად ესაუბრება, რომ მე მოლდოვაში არა მხოლოდ არ უნდა ჩამიშვან, თუ ჩავალ უნდა დამაკავონ. იმის მაგივრად, რომ ილაპარაკოს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე. იგივე ხდება აზერბაიჯანთან, იგივე ლატვიასთან. ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იყენებენ თავს და ასეთი უჩვეულო საქციელი შეუმჩნეველი არ რჩება და ტოვებს ძალიან არასერიოზულ, მძიმე შთაბეჭდილებას. ქვეყნის რეპუტაციას ლახავს!
რომელიმე ქვეყნის ლიდერს თქვენთან შეხვედრის დროს თქვენთან მიმართებაში სიტყვა ძებნილი უხსენებია?
არასდროს, ამას სერიოზული ხალხი არ ახსენებს. თუ ვინმე ხვდება, ე.ი ამას სერიოზულად არ მიიჩნევენ. შეხვედრის აქტი, მიღების აქტი უკვე არის პოლიტიკური აქტი. მე დავიარე და მოვიარე ევროპა ბოლო ხანებში, ყველგან გვიღებენ, ოფიციალური სტატუსით უკრაინაში და შეგიძლიათ მიადევნოთ თვალყური… თავისთავად ეს საკითხი რომ არ დგას, ამიტომ არის ეს ყველაფერი, თორემ თუ ამ საკითხს ყურადღებას მიაქცევდნენ, ვინღა დამელაპარაკებოდა?!
რიგაში რა სტატუსით იმყოფებით, ვის წარმოადგენთ?
მე ვარ ამ შემთხვევაში “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი. თუმცა ზოგან დავდივარ როგორც სახალხო პარტიის წევრი, ზოგან როგორც უკრაინის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე. ზოგადად მე ვარ პოლიტიკოსი და ჩვენ შევქმენით პოლიტიკური სკოლა, რომელსაც ჰყავს ძალიან ბევრი მომხრე ევროპაში. ჩვენ, საქართველომ, მათ შორის ჩემი ხელმძღვანელობის დროს შექმნა ერთ-ერთი წარმატებული თანამედროვეობის პოლიტიკური სკოლა და ის ცოცხალია სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებში, პოლიტიკურ მოძრაობებში და არ აძლევს წყნარად ძილის საშუალებას, მაგალითად ჩვენს მტრებს რუსეთში.
როდესაც თქვენ და თქვენი პოლიტიკური პარტიის წევრები საუბრობთ იმაზე, რომ  რომ ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ სამართლებრივი თვალსაზრისით დააფიქსირა გარკვეული დარღვევები, სამართლიანი სასამართლო მაქვს მხედველობაში, ოპონენტები ყოველთვის გახსენებენ თქვენს პერიოდში რა ხდებოდა, იმას. ამაზე რას იტყვით?
ამის შედარება ძალიან ძნელია, ეს იგივეა, რომ შეადარო, რა ვიცი,  რას… ძალიან შეუდარებელი რაღაცეებია, ჩვენს დროს საქართველო იყო ყველაზე მოწინავე ქვეყანა ამ რეგიონში და მსოფლიო მასშტაბით დიდი ვარსკვლავი. ახლა არის ბოლომდე გაბანძებული. როგორ შეიძლება სიბანძის შედარება კაშკაშა ვარსკვლავთან. ამ მოკაშკაშე ვარსკვლავებს რა თქმა უნდა, აქვს ლაქის შუქი, და რა თქმა უნდა ლაქები ემჩნევა. მაგრამ როცა გაბანძებული ხარ, იქ შუქჩრდილებზე არ არის საუბარი, იქ ყველაფერი გაბანძებულია. ეგ არის განსხვავება იმ და ამ დროს შორის.
როდესაც საქართველოზე ფიქრობთ, პირველი რა აზრი გიჩნდებათ?
ვფიქრობ, რომ ყველაფერი დროებითია რაც არის.
საქართველოში ჩამოსვლას აპირებთ?
კი, აუცილებლად!
წყარო:”აიპრესი”
თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 22, 2015 01:15

Google სტატისტიკა


3,275
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics