ბიძინა ივანიშვილი – ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 10:59

ბიძინა ივანიშვილი – ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის

მნიშვნელოვანი

  • საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრემიერობისას, მისი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არანაირი კორუფცია არ უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სხვა სტატიები

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პრემიერობისას, მისი პრინციპული პოზიცია იყო, რომ არანაირი კორუფცია არ უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც ამ პოზიციაზეა. “ძალიან ღირსეული პრემიერი ჰყავს დღეს საქართველოს. იყო კითხვებიც ღარიბაშვილთან. საზოგადოდ, ნათესაობასთან დაკავშირებული საკითხები მტკივნეულია საქართველოში და ეს მხოლოდ ღარიბაშვილის პრობლემა არ არის. იგივე პრობლემები მეც მაქვს. მაგალითად, ჩემს ძმებზე მოგახსენებთ, რომლებიც მე ძალიან მიყვარს. უფროს ძმას ძალიან უყვარს ქეიფი და ყველა ქეიფზე რამდენიმე კაცი მიდის მასთან და რაღაცას სთხოვს. მე აკრძალული მაქვს ჩემამდე ინფორმაციის მოტანა, მაგრამ ის ხალხის ნაკადს მაინც ვერ აუდის. ასეა ჩემი მეორე ძმაც. შესაძლოა, ამის გამო ბევრიც არის განაწყენებული, რომ ჩემს ძმებს სთხოვეს რაღაც და ჩემამდე ინფორმაცია არ მოვიდა”, – განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ღარიბაშვილსაც ჰქონდა ეს პრობლემა, საზოგადოებაში დაგროვდა კითხვები და მან მოახერხა შესაბამისად რეაგირება. “მე ღარიბაშვილს, სანამ პრემიერის კანდიდატად დავასახელებდი, ვუთხარი, რომ ასეთი პრობლემები ექნებოდა. ყველა ქართველს ჰყავს ნათესავები და ისინი, რა თქმა უნდა, ცდილობენ, მოიპოვონ პრივილეგირებული მდგომარეობა, თუ ნათესავი მინისტრი ან მით უმეტეს, პრემიერი ჰყავთ. დიახ, მე ვუთხარი ღარიბაშვილს, რომ ამ კუთხით და კიდევ დაცვასთან დაკავშირებით პრობლემები ექნებოდა. დაცვას შეუძლია თავბრუ დაგახვიოს, ისეთ ანტურაჟს გიქმნის, რომ საოცარი ადამიანი ხარ და სხვა არ უნდა გაგეკაროს. თუმცა, მივიჩნევ, რომ ეს პრობლემები ღარიბაშვილმა ძალიან სწრაფად და გენიალურად გადაჭრა. ჯანყარაშვილის პრობლემა დამთავრებულია. მედიაში პრემიერის სხვა ნათესავებზეც კეთდება აქცენტი, თუმცა, მე ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ეს ყველაფერი გადაჭარბებულია. თუმცა, აქვე ვიტყვი, რომ ჩვენ ვაპირებთ ნეპოტიზმსა და კორუფციაზე კვლევებისა და ფილმების გაკეთებას. მუდმივად გამოძიების პროცესში ვიქნებით. შევქმნით სპეციალურ საიტს, მითითებული იქნება ტელეფონის ნომრები და ყველას მოვუსმენთ, ვისაც ნეპოტიზმთან დაკავშირებული პრეტენზია ან ინფორმაცია ექნება. შედეგებს კი საზოგადოებას გავაცნობთ. ხაზს ვუსვამ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრობლემებს ძალიან კარგად გაართვა თავი, თუნდაც მაშინ, როდესაც შს მინისტრი იყო. ყველას ახსოვს, როგორი პოლიცია ჩაიბარა მან. ვფიქრობ, ღირსეული “მემკვიდრე” დავტოვე ღარიბაშვილის სახით და თუნდაც ამიტომ იმავე სისტემურ კორუფციაზე საუბარი არ შეიძლება”, – განაცხადა ივანიშვილმა.
ყოფილი პრემიერის განცხადებით, მთავარია, საზოგადოება იყოს თავის ადგილზე და გასწიოს კონტროლი. მისივე თქმით, დღეს მთავრობა არის გამჭვირვალე, ითვალისწინებს საზოგადოების შენიშვნებს და თუ შეცდომები მოსდის, ასწორებს. “იდეალური არავინ არის, მაგრამ სამთავრობო გუნდი ოპტიმალურად არის შერჩეული, რომელსაც ღირსეული პრემიერი ხელმძღვანელობს”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია “კვირის პალიტრის” 16 თებერვლის ნომერში გამოქვეყნდა.

news
ავტ.: news თებერვალი 16, 2015 10:59