ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 9, 2015 13:41

ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

ახმეტელის თეატრში დაიდგა გოდერძი ჩოხელის „ბედისწერის თეატრი“, რომლის ინსცენირების ავტორია ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი საბა მეტრეველი. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს

ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
-ქართული თეატრი დიდი ხანია ელოდა გოდერძი ჩოხელთან შეხვედრას, მაგრამ აქამდე ეს ვერ მოხერხდა. თქვენი აზრით, რა იყო ამის ძირითადი მიზეზი?
მიზეზი, ალბათ, ბევრი იყო, მაგრამ მთავარი მაინც თეატრალური ხელოვნების სპეციფიკაშია, რადგან მისი აუცილებელი კანონზომიერება მოქმედების შინაგან ექსპრესიას, კონფლიქტსა და კონფლიქტის განვითარებას ითხოვს. გოდერძი ჩოხელს აქვს, ფაქტობრივად, კინომოთხრობები: ყველაფერს კადრებად ხედავ, მსხვილი პლანით, გრძნობ სუნსა და გემოს, ეხები კიდეც, მაგრამ მათი სცენურ სივრცეში გადატანა ვერ ხერხდებოდა, რადგან ის უწყვეტი ნარატივია – მაღალი ლიტერატურაა, რომელიც არ ემორჩილება სცენის კანონებს. ჩოხელი გვიყვება ამაღელვებელ ამბებს, მაგრამ ამ მოთხრობებში ცოტაა ის, რაც სცენას სჭირდება: დიალოგი, კონფლიქტი, წინააღმდეგობა… ეს ძალიან კარგად იცოდა გოდერძი ჩოხელმა. თავად არაერთხელ სთხოვეს და ყოველთვის უარს ამბობდა: ჩემი მოთხრობების ადგილს სცენურ სივრცეში ვერ ვხედავო.

godedzi
-ის, რასაც ავტორი ვერ ხედავდა, თქვენ დაინახეთ?!
რა თქმა უნდა, არა! ღმერთია მოწამე, მამოძრავებდა მხოლოდ კეთილი მწვავე სურვილი (და არა პირველობის ჟინი), რომ ჩოხელი შემოსულიყო ქართულ თეატრში, მისი სიტყვის სავანე და საუფლო გამხდარიყო ქართული სცენაც. დამეთანხმებით, გოდერძის სულისშემძვრელი შემოქმედება, ცადაზიდული მთებით შემოფარგლული, ბევრის სულშია ჩარჩენილი. ამიტომ, გული მწყდებოდა, ქართულ თეატრს რომ აკლდა ეს მადლი. როცა გოდერძი გარდაიცვალა, უფრო გამიმძაფრდა სცენაზე მისი მოთხრობების გადატანის სურვილი, რომელიც აქამდე დამდევდა როგორც ბედისწერა, როგორც იმედი, ნისლისფერი სევდა და დაუძლეველი სიყვარული. არ მითქვამს არც ერთი რეჟისორისთვის, რომ თავში მედო ინსცენირება, თუმცა…
-თუმცა რა, ხომ მაინც უთხარით რეჟისორ ირაკლი გოგიას ამის შესახებ?
უფრო სწორედ, წამომცდა! ბატონი ირაკლი ჩემთან იყო მოსული ერთი ქართველი კლასიკოსი მწერლის ინსცენირების საკითხთან დაკავშირებით. ეს მოხდა ადრე გაზაფხულზე. მაშინ ვუთხარი, თუ დადგამთ, გოდერძი ჩოხელის ისცენირებას გავაკეთებ-მეთქი. მას უცებ სახე გაებადრა, თითქოს ბავშვად იქცა, მაშინვე დაივიწყა თავისი ძირითადი სტრატეგიული გეგმა და მითხრა: ოღონდ ეს საქმე ქენი, ოღონდ გოდერძი ჩოხელი დავდგათ და სხვა ყველაფერს განზე გადავდებო. ზუსტად ერთ კვირაში მქონდა სცენარის პირველი ვარიანტი. წავუკითხე, მან მაშინვე მითხრა, რა სჭირდებოდა. ერთ დღეში გადავაკეთე ცენტრალური ხაზი პიესისა და შავი ვარიანტი გადავეცი.
და სწორედ ამ წამიდან დამეწყო მოუსვენრობა, შფოთი, ღელვა, ნერვიულობა, „გამიკრთა ძილი და შვება“… და ძლივს მოვაღწიე პრემიერის დღემდე.
-რატომ?
გოდერძი ჩოხელი ერთგან წერს: „მე შეიძლება გავგიჟდე! ზოგჯერ ისე ახლოს ვგრძნობ ჩემს მოთხრობებს, რომ მეშინია, მართლა არ გაცოცხლდნენ“. ჰოდა, სცენაზე მათი გაცოცხლება თეატრის უმთავრესი ამოცანა გახდა. ამიტომ იყო დიდი რისკი სწორად დაწერილი პიესა, ჩოხელის ესთეტიკითა და ძირითადი სათქმელით დატვირთული. გამიჩნდა უძირო შიში იმისა, ვიდექით სწორ გზაზე თუ არა. მთელი 6 თვე თითქოს მწერლის ხმა დამდევდა: ამას როგორ ბედავ, რამ გაგაკადნიერაო.
პიესაში სპეციალურად არ შევიტანე ის ნაწარმოებები, რომლებიც თავადვე აქცია კინოდ, მოვერიდე იმათაც, რასაც სკოლებში ასწავლიან. ხელოვნებაში ჩემთვის მთავარია განსაკუთრებული ფორმა და ამაღელვებელი შინაარსი. სწორედ ასეთ ქარგაზე ავაგე სცენარი გოდერძი ჩოხელის მთელი შემოქმედების გათვალისწინებით.

ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
თქვენ ახსენეთ ესთეტიკა და როგორ ესთეტიკას გულისხმობდით?
ადამიანთა დარდისა და სევდის შემგროვებელი, ამ ქვეყნად მოსვლის მიზანზე ჩაფიქრებული… გუდამაყრიდან, ამ მიკროსივრციდან, დანახული მთელ სამყარო და გამოკვეთილი აქცენტები იმ მთავარ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, რომელთა გარეშეც ადამიანს გაუძნელდება არსებობა. სიკეთე, რწმენა, ღირსება, სიყვარული, ერთგულება და ბავშვური გულუბრყვილობა-ალალმართლობა, რომლებიც თან სდევს ბედისწერის ამ თეატრში მოფუსფუსე პერსონაჟთა ცხოვრებას. ამასთანავე, ჩოხელის თამაშს თუ დაიწყებ, ყველაფერი ჩაგივარდება. ეს უნდა ყოფილიყო უბრალოების არისტოკრატიზმი სცენაზე. მეშინოდა ტიპაჟების, სცენური გადაწყვეტის, მუსიკალური გაფორმების, რეჟისორული კონცეფციისა… მოკლედ, ყველაფრის. არც იმაში ვიყავი დარწმუნებული, შესაძლებელი გახდებოდა თუ არა ამ ტიპის ინსცენირების გათამაშება.
-და შეძლეს?!
რა თქმა უნდა, შენში წარმოსახული არ ემთხვევა რეალურს (არც უნდა დაემთხვეს, ალბათ), მაგრამ მთავარი იყო, სცენაზე დამენახა გოდერძის ენაზე მეტყველი და მოაზროვნე გმირები – მართლები, გულუბრყვილონი, ამ ცხოვრების ჭუჭყსა და ბოროტებას განრიდებულნი, უცნარნი და საყვარელნი… და ზუსტად ასეთი ესთეტიკა დაიბადა.

ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
-რამდენადაც ვიცი, პირადი ნაცნობობაც გქონდათ გოდერძი ჩოხელთან
დიახ, გოდერძი ჩემი ახლობელიც იყო (თუმცა, ვინ არ მიიჩნევდა მას თავისიანად?!), თითქოს ისეთი მესაიდუმლე, უთქმელად რომ უგებ. ერთხელ, ზუსტად 2 ოქტომბერს, ტელევიზიის პირდაპირი ეთერით ვსაუბრობდი ქართული სკოლის პრობლემებზე, მომავალი თაობის შესახებ და, რადგან 2 ოქტომბერი იყო, საქართველოს მივულოცე მისი დაბადების დღე. შინ დაბრუნებულს დამირეკა და მითხრა: მეგონა, ჩემს სათქმელს ამბობდი, წინასწარ ვგრძნობდი, რასაც იტყოდიო. ოდესღაც მისგან წაქეზებული, ახლა გავთავხედდი და მისი სათქმელის თეატრის ენაზე გადატანა ვცადე (თუნდაც ეს ყოფილიყო ლიტერატურული თეატრის მსგავსი).

ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები
-რეჟისორებთან მუშაობა არ გაგიძნელდათ? როგორც ამბობენ, რეჟისორი დიქტატორიაო
მეც დიქტატორი ვარ, არც ჩემთანაა ადვილი მუშაობა (იცინის)! არ გამჭირვებია, რადგან ჩვენ ვიყავით ერთი გუნდი. რეპეტიციებზე ვამბობდი: მე ვსვამ შეკითხვებს და ამ დიალოგში მივდიოდით რაღაც შეთანხმებამდე, ალბათ, უკეთეს ვარიანტამდე. ირაკლი გოგია არაა მკაცრი და ძალაუფლებით დამტკბარი ადამიანი, მაგრამ მას თავისი მაინც გააქვს. ოღონდ, ირაკლისთან ერთად, მუშაობდა მეორე რეჟისორი, არაჩვეულებრივი ადამიანი, თეატრისთვის დაბადებული ლაშა გოგნიაშვილი. მე და ლაშას ერთნაირად გვესმოდა ძირითადი კონცეფცია. იყო განსხვავებული აზრი, პოზიცია, გადაწყვეტა, შეჯახება, წყენა, ტკივილი… (სხვაგვარად წარმოუდგენელია), ყველაფერი, რაც ახლავს შემოქმედებითს პროცესს, მაგრამ ეს ყოველივე მხოლოდ შედეგისთვის ხდებოდა. ჩვენ განვიცდიდით ყოველ წვრილმანსაც კი. ბეწვის ხიდზე ვიარეთ, რომ ახლოს მივსულიყავით გოდერძი ჩოხელის სულიერ სამყაროსთან, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე დაბადებულ ამაღლებულის ესთეტიკასთან მის შემოქმედებაში.

-ბატონო საბა, ახლა რასაც ხედავთ სცენაზე, ეს ის სამყაროა, თქვენ რომ დაგდევდათ? გაგიცოცხლეს მსახიობებმა ჩოხელის პერსონაჟები?

ვიდრე ამ შეკითხვაზე გიპასუხებდეთ, უნდა გითხრათ, რომ ბედნიერება, ზოგადად, ცხოვრებაში ყველას თავისებურად ესმის. დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ, რადგან შევხვდი ასეთ სამსახიობო დასს. თითქოს მთელი ჩემი ცხოვრება ვემზადებოდი, რომ მეპოვა ისინი. ვერ წარმოიდგენთ, როგორ ელოდნენ ყოველ მითითებას, რეპლიკას, როგორ ითხოვდნენ შენიშვნას. არ დამავიწყდება ქალბატონი მზია ტალიაშვილის პირველივე რეპლიკა: ერთი სული მაქვს, როდის მეტყვით რამესო. მათი ასეთი დამოკიდებულება პროფესიის მიმართ არა მხოლოდ მაღალი ოსტატობის ნიშანია, არამედ გამოხატულებაა კეთილშობილებისა, რომლის გარეშე აზრს კარგავს, საერთოდ, ცხოვრება.
სპექტაკლის დასრულებაში მნიშვნელოვანი იყო მხატვრისა (მარიკა კვაჭაძე) და ქორეოგრაფის (გიორგი რაზმაძე) სწორი აქცენტები. სპექტაკლის წარმატება ხომ წარმოუდგენელია ტექნიკური ნაწილის გარეშე?! რეჟისორის თანაშემწის, ქალბატონ რუსუდან შოშიტაშვილის; რადისტ გიორგი მაზავრიშვილისა და გამნათებელ შოთა ჭანჭალეიშვილის გულისხმიერებამ ორგანიზებულად წარმართა პრემიერა.

ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

-გყავთ გამორჩეულად საყვარელი პერსონაჟი და მსახიობი ამ სპექტაკლში?

ჯერ ერთი, არ მეგულება დიდი და პატარა როლი ჩვენს სპექტაკლში. ყველას ჰქონდა თანაბრად მნიშვნელოვანი ფუნქცია, – ეს იყო ერთი ანსამბლი ერთი დიდი იდეითა და საფიქრალ-სატკივარით შეკრული. ისინიც კი, ვინც ე.წ. მასიურ სცენებში დგას, ასრულებენ ძალიან დიდი მნიშვნელობის ამოცანას, – ქმნიან სპექტაკლის საერთო კლიმატსა და სულს. პიესის მიხედვით, ჩემი საყვარელი პერსონაჟები, უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვი, ჩემს სულთან ყველაზე ახლოს მდგომნი, იყვნენ ოფელია და აპარეკა. სპექტაკლში კი ყველა რომ მიყვარს, რა ვქნა?! მართლა გეუბნებით, პოზისა და თამაშის გარეშე. აბა, როგორ შეიძლება გულგრილი უყურო გვანცა კანდელაკის თამაშს. მისი ოფელია ისეთივე ტრაგი-კომიკურია, როგორიც – ჩემი ცხოვრება, ამიტომ ჩემი სულის ნაწილად მივიჩნევ.
როგორი სიმართლითა და სიზუსტით თამაშობს ჯაბა ჯაფარიძე და როგორ არ უნდა მიყვარდეს?! ან ვის შეუძლია დაივიწყოს ბერდედები (ნელი ბადალაშვილი, ლიკა ქუთათელაძე და ნინო ციმაკურიძე), რომლებმაც შეძლეს გუდამაყრელი დედაკაცების სულის გაცოცხლება, თან როგორი გამომსახველობითი ფორმითა და სიცხადით!;
ბატონი მამუკა მაზავრიშვილი აპარეკას როლს კი არ თამაშობს, მის ბედს განიცდის თვალში ჩამდგარი უსაზღვროდ ლურჯი სევდით. განა შესაძლებელია ამის დაუნახაობა?! ასევე, ჩემთვის დაუვიწყარია ბათარეკას მეტყველი პლასტიკა და ცოცხალი, ამაღელვებელი სიტყვა, ასე ძალუმად და მთის სიმტკიცით რომ ჭედავს ბატონი გია ჯაფარიძე;
განსაკუთრებულად მადლობელი ვარ ქალბატონი მზია ტალიაშვილისა, ინსცენირების ავტორთან ასეთი თანამშრომლობისათვის. მისი ტრაგიკული განცდა ფინალურ სცენაში უმაღლეს მხატვრულ ხარისხში ადის – როგორი ძუნწი ჟესტით გადმოსცემს მართას ტკივილს! მასთან ერთად ტირის დარბაზიც (განა ეს არ არის ბედნიერება?!).
სპექტაკლს ამშვენებენ პოლიტიკურად აჟიტირებული ქალები: თამარ ბეჟუაშვილი და თამთა პატაშური. სცენარის მიხედვით, ისინი მოტირალი ქალები უნდა ყოფილიყვნენ, მაგრამ ამ გადაწყვეტაშიც ორგანულად და ბუნებრივად ჩაჯდა მათი ხასიათები, ეს არის ხალასი ნიჭის დემონსტრირება;
მადლობა მინდა გადავუხადო მწერალს (ბექნუ ქაფიანიძე), მეჯვარესა (იუკა ვასაძე) და გაგილას (ვაჟა ციცილოშვილი); ვასილ შიხაშვილს ზუსტი ინტონაციისათვის; სიძესა და პატარძალს (ანდრია გველესიანი და მაია ვაწაძე), მეზობლებს (ვალერი ტორონჯაძე შორენა ზუბიაშვილი)… როგორ ავსებთ და ამშვენებთ ერთმანეთს!

ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

-მაინც ვინ არის თქვენი აღმოჩენა ამ სპექტაკლში?!
ეს ჩვენი დარდიანი ბიჭი გიორგი ცხადაძეა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომსწრენი ვართ მისი ნიჭის დაბადებისა ამ სპექტაკლში (სხვათა შორის, ეს ის პატარა ბიჭია, ცეცხლოვანი ქართული ცეკვით ჯორჯ ბუში (უმცროსი) რომ ლამის შეშალა). დიდი იშვიათობაა ისეთი მაქსიმალურად ზუსტი კონცენტრაციის უნარი, რომელიც გიორგიმ გამოავლინა. ფაქტობრივად, სპექტაკლის მუსიკალურმა (არამხოლდ!) მხარემ მის მხრებზე გადაიარა. როგორი სევდითა და ლირიზმით ამკობს მისი აკომპანიმენტი მიზანსცენებსა და რა სულშიჩამწვდომია ის იდუმალი ხმა, ასე რომ ათბობს დარბაზს. მუსიკაც, ძირითადად, მისი დაწერილია. გარდა ამისა, უკვე სპექტაკლის დასასრულს მისი შემოსვლა სცენაზე დარდიანი ბიჭის როლში ნამდვილი მეხის გავარდნაა – გიორგი ცხადაძის ხმა გაისმის როგორც ბრალდება, როგორც სინანული, დარდი უკეთესი მომავლისა. ამ დროს მაყურებელთა დარბაზში უკვდავების წამი დგას!

-გოდერძი ჩოხელის დაბადების დღეს, ახმეტელის თეატრის გარდა, რუსთავშიც გაიმართა პრემიერა „ადამიანთა სევდისა“. პირველობა მაინც თქვენ გეკუთვნით?

მინდა გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში დაგეგმილი იყო სეზონის გახსნა ამ სპექტაკლით და ისიც სექტემბერში, მაგრამ ირაკლი გოგიას ვთხოვე, ბარემ 2 ოქტომბერს, გოდერძის დაბადების დღეს დავამთხვიოთ-მეთქი და მაშინვე აიტაცა ეს იდეაც. ასე რომ, სექტემბერში ჩვენ უკვე მზად ვიყავით. შევუთანხმეთ ოჯახსაც; თეატრის ფოიეში მოეწყო გოდერძი ჩოხელის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოგამოფენაც, იყვნენ სტუმრები გუდამაყრიდან – ეს დღე დიდ დღესასწაულად იქცა. მე მგონია, რომ მთავარი აქ პირველობა კი არა, ის ინტერესი და სიყვარულია, რომელსაც გოდერძი ჩოხელის შემოქმედების მიმართ ავლენს ქართული თეატრი.

ახმეტელის თეატრში გაცოცხლებული გოდერძი ჩოხელის მოთხრობები

-და ბოლოს, თქვენი მისია შესრულებულად მიგაჩნიათ?

ყოველ სპექტაკლზე ვხედავ ცრემლიან თვალებს, მესმის მაყურებელთა გულიდან ამოხეთქილი შეძახილი და, თუ ერთი კაცი მაინც წავა ბედნიერი, განწმენდილი, სულით შეძრული, არამხოლოდ ინსცენირების ავტორის მისია იქნება შესრულებული, არამედ – მთელი დასისა.
გავა დრო, ეს სპექტაკლი ქართული თეატრის ისტორიის ნაწილად იქცევა და ახმეტელის თეატრი იქნება მაინც პირველი, გოდერძი ჩოხელი რომ გააცოცხლა სცენაზე და, თუ რამ დავაკელით მის სიღრმესა და სიდიადეს, გვაპატიოს გოდერძის მართალმა სულმა!
ესაუბრა ბერდია კალანდია

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი ოქტომბერი 9, 2015 13:41

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics