“ახალი პოლიტიკური ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 15:47

“ახალი პოლიტიკური ცენტრი” საქართველოს ხელისუფლებას კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას სთავაზობს

მნიშვნელოვანი

  • ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს, დღესვე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ერთი მხრივ, მოხდეს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მაქსიმალური მინიმიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა იგრძნონ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა.

სხვა სტატიები

“ახალი პოლიტიკური ცენტრის” შეფასებით, საბერძნეთის ეკონომიკური პრობლემები საქართველოზე გარდაუვლად აისახება.
ორგანიზაცია მთავრობას მიმართავს, დღესვე გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა ერთი მხრივ, მოხდეს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგების მაქსიმალური მინიმიზაცია, ხოლო მეორე მხრივ, საბერძნეთში მცხოვრებმა ქართველებმა იგრძნონ საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა.
საბერძნეთის კრიზისთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე “ახალი პოლიტიკური ცენტრი” სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
“სასწრაფოდ არის გასაკეთებელი შემდეგი: საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს აქვთ დანაზოგები ადგილობრვ ბანკებში. მათთვის და საქართველოში მცხოვრები მათი ოჯახებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ეს დანაზოგები არ დაიკარგოს. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ დაიწყოს მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასთან (რაც უკვე დაიწყო რამდენიმე ქვეყნის მთავრობამ), რათა მივიღოთ გარანტია, რომ იქ მცხოვრები ქართველების დანაზოგებს არ დაემუქრება საფრთხე. საბერძნეთში მცხოვრები ქართველები ფინანსურად ეხმარებიან აქ საკუთარ ოჯახებს და ეს დახმარება ხშირად ამ ოჯახების შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ეს გადმორიცხვები ამჟამად შეჩერებულია. საქართველოს მთავრობამ სასწრაფოდ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები საბერძნეთის მთავრობასთან, რომ იქ მცხოვრებ ქართველებს რაც შეიძლება სწრაფად მიეცეთ შესაძლებლობა აღადგინონ გადმორიცხვები. სხვადასხვა გათვლებით საბერძნეთში ცხოვრობს 150 ათასზე მეტი ქართველი სხვადასხვა სტატუსით. 2014 წელს საბერძნეთიდან გადმორიცხვებმა შეადგინა დაახლოებით 205 მილიონი დოლარი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოსალოდნელია, რომ მოხდება საბერძნეთიდან გარკვეული რაოდენობის ქართველების სამშობლოში დაბრუნება და მნიშვნელოვნად შემცირდება გადმორიცხვების მოცულობა. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაში არსებული პრობლემები კიდევ უფრო გაღრმავდება, მათ შორის საფრთხე შეექმნება ეროვნული ვალუტის სტაბილურობას. საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას მკვეთრი ნაბიჯები ეკონომიკის გაჯანსაღების მიმართულებით რათა მოხდეს აღნიშნული ფაქტორების ნეგატიური გავლენის მაქსიმალურად შემცირება. უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვნად უნდა შემცირდეს მთავრობის ხარჯები და მოხდეს გადასახადების დაწევა. 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილების პროექტი ამ მხრივ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას. საბერძნეთს დღემდე არ მოუხდენია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება. საბრძნეთში შექმნილი კრიზისული ვითარების გამო, მიუხედავად იმისა, რა შედეგებით დასრულდება 5 ივლისისთვის დაგეგმილი რეფერენდუმი, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არ იქნება საბერძნეთის პარლამენტისთვის პრიორიტეტულ საკითხთა ჩამონათვალში. იმისათვის, რომ არ მოხდეს პროცესის დროში გაჭიანურება და არ შეფერხდეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველოს მთავრობამ უნდა მიმართოს ყველა ზომას, რათა საბერძნეთის პარლამენტმა უახლოეს მომავალში მოახდინოს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება”, – ნათქვამია “ახალი პოლიტიკური ცენტრის” განცხადებაში.
გუშინ, 30 ივლისს, ამოიწურა ვადა, როდესაც საბერძნეთს უნდა დაეფარა საერთაშორისო სავალუტო ფონდის დავალიანება 1.55 მილიარდი ევროს ოდენობით, რაც “ახალი პოლიტიკური ცენტრის” შეფასებით, ფაქტობრივად ნიშნავს დეფოლტს. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რა გზას აირჩევს საბერძნეთი – მოხდება ვალების რესტრუქტურიზაცია, გავა ევროზონიდან და შემოიღებს საკუთარ ვალუტას თუ სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში, გარდაუვალია დეფოლტის უკიდურესად ნეგატიური გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე: ინვესტიციების კლება, კაპიტალის გადინება, ეკონომიკის შენელება, უმუშევრობის ზრდა, შემოსავლების კლება და სავარაუდოდ საკრედიტო კრიზისი.

news
ავტ.: news ივლისი 1, 2015 15:47