ავარიის შედეგად გარდაცვლილ ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა

ქუთაისში, ავარიის შედეგად გარდაცვლილი 19 წლის ნანა გიგლემიანის ოჯახის წევრებმა მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს და გზა გადაკეტეს.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად გზაზე ცეცხლი დაანთეს, რის გამოც ადგილზე მობილიზებულ სამართალდამცველებსა და დაღუპული გოგონას ოჯახის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა. ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის გამოძახებაც გახდა საჭირო.
დაღუპულის ოჯახის წევრების თქმით, ისინი სიმართლის დადგენას და დამნაშავის დაკავებას ითხოვენ. “არ ვაპატიებთ არავის ნანას მკვლელობას. მოვითხოვთ, ყველა დაისაჯოს. ახლა იმ ადგილზე, სადაც ნანა დაიღუპა, ცეცხლი დავანთეთ”, – განაცხადეს გარდაცვლილის ოჯახის წევრებმა.
19 წლის ახალგაზრდა ქუთაისში, აღმაშენებლის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი დაეჯახა.