4 ოქტომბერს ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული გიორგი კირვალიძის მიმართ, ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს. აღნიშნულ ინფორმაციას ბრალდებულის ადვოკატი, ბორის ჩელე ყურუა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„გიორგი კირვალიძესთან დადებული საპროცესო შეთანხმების გაუქმება უნდა ბრალდების მხარეს. მოთხოვნა ცალსახად უკანონო და დაუსაბუთებელია. ხვალ, 16:00 საათზე, სხდომა სააპელაციო სასამართლოში გაიმართება“, — წერს ადვოკატი.
ინფორმაციისთვის, გიორგი კირვალიძეს 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე ბრალდებულ კიდევ 11 პირთან ერთად, საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმდა. რის საფუძველზეც მას 1 წელი რეალური და 3 წელი პირობითი სასჯელი დაუმტკიცდა თუმცა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემდეგ გიორგი კირვალიძემ განაცხადა, რომ ის თავს დამნაშავედ არ ცნობდა და საპროცესო შეთანხმების გაუქმება მოითხოვა.
4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ გიორგი კირვალიძეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა წარდგენილი, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. ასევე, წარდგენილი ჰქონდა ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
















