პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდოს – „თეთრი არწივის“ ორდენის – ჩამორთმევის პროცესს იწყებს. გადაწყვეტილების მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის ბოლოდროინდელი განკარგულება გახდა, რომლის თანახმადაც, უკრაინის სპეციალური დანიშნულების ძალების ოპერაციების ცენტრს „УПА-ს გმირების“ (უკრაინის მეამბოხეთა არმია) სახელი მიენიჭა.
პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, УПА-ს განდიდება მიუღებელია, რადგან აღნიშნული დაჯგუფება პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომის პერიოდში „ვოლინის ხოცვა-ჟლეტაზე“, რასაც ათეულობით ათასი პოლონელი მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა, რომ უკრაინა, ბანდიტებისა და მკვლელების განდიდებით, არ არის მზად, ევროპული ოჯახის წევრი იყოს. ევროპულ ოჯახში არ შეიძლება იმ ადამიანების განდიდება, რომლებმაც ქალები და ბავშვები დახოცეს“, – აღნიშნა ნავროცკიმ.
აღსანიშნავია, რომ ჯილდოს ჩამორთმევის საკითხს ნავროცკი 8 ივნისს დაგეგმილ შეხვედრაზე დააყენებს. შეგახსენებთ, რომ ზელენსკი „თეთრი არწივის“ ორდენით 2023 წელს პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდჟეი დუდამ დააჯილდოვა.
თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ ცენტრისთვის სახელის გადარქმევა „ეროვნული არმიის ისტორიული ტრადიციების აღდგენის“ მიზანს ემსახურება. უკრაინული მხარე ისტორიულ საკითხებში ხშირად აპელირებს ორმხრივი პასუხისმგებლობის აუცილებლობაზე, მაშინ როცა პოლონეთი მომხდარს გენოციდად აფასებს.
ზელენსკის გადაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოჰყვა პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ლეხ ვალენას მხრიდანაც. მან საჯაროდ განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ამ ნაბიჯით შეურაცხყოფილია. „გულ-მკერდიდან უკრაინულ დროშას მოვიხსნი. მე უარს ვამბობ პრეზიდენტ ზელენსკის მხარდაჭერაზე!“ – დაწერა ვალენამ სოციალურ ქსელში.
ვითარების ესკალაციის ფონზე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა გაფრთხილება გამოთქვა. მისი თქმით, ორ ქვეყანას შორის გაღვივებული დაპირისპირებით სარგებელს მხოლოდ რუსეთი მიიღებს, ამიტომ მხარეებს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდა.


















