ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც სიჭინავა აღნიშნავს, მისი პოზიცია აფხაზეთთან და სამაჩაბლოსთან დაკავშირებით არის როგორც საქართველოს თითოეული მოქალაქის – აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოს განუყოფელი ნაწილია. სიჭინავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“დღეს, სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ასახულია აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში ერთ-ერთ აფხაზურ ოჯახში ჩემი სტუმრობის კადრები. როგორც მოგეხსენებათ, აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირეში, სექტემბრის დასაწყისში ვიმყოფებოდი, სადაც ვიტალი დარასელიას საფლავი მოვინახულე და შევხვდი მისი ოჯახის წევრებსა და ნათესავებს. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელის საფლავზე იმ ისტორიული თასების მიტანა, რომელიც მას სპორტული კარიერის დროს ჰქონდა მოპოვებული რაც მხოლოდ ახლა შევძელით.
ამავე ვიზიტის ფარგლებში ჩავედი სოხუმში, სადაც ჩემი მეუღლის ნათესავებსა და ძველ მეგობრებს შევხვდი. აღნიშნული ვიდეო სწორედ მათთან შეხვედრას ასახავს.
მსურს განვმარტო, რომ მე, როგორც საქართველოს მოქალაქე და წარსულში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ყოველთვის აღვნიშნავდი, ვაღიარებდი და ახლაც ვაფიქსირებ ჩემს ურყევ პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ რომლის განუყოფელი ნაწილია აფხაზეთი და სამაჩაბლო.
ჩემი პროფესიული კარიერის და ფეხბურთის ფედერაციაში საქმიანობის დროს არა ერთხელ დამიფიქსირებია პოზიცია როგორც საერთაშორისო ტრიბუნაზე, ისე ქართულ სამართლებრივ სივრცეში აფხაზურ და ოსურ გუნდებთან დაკავშირებით მათ სხვადასხვა არალეგიტიმურ ჩემპიონატებსა და საფეხბურთო ტურნირებში მონაწილეობის შესახებ. ამ საკითხზე ჩემი პოზიცია უცვლელია და მიმაჩნია, რომ ეს ორივე რეგიონი ერთიანი საქართველოს განუყოფელი ისტორიული ტერიტორიებია.
რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოს, ძალიან ვწუხვარ ვიდეოში ჩემს მიერ გამოთქმული ფრაზების გამო, რომელთა მოსმენამაც ქართული საზოგადოების უკმაყოფილება გამოიწვია. მერწმუნეთ ჩემი პოზიცია ამ თემაზე ისეთივეა, როგორიც საქართველოს თითოეული მოქალაქისა რაც აფხაზ ხალხთან ჩვენი ისტორიული კავშირის აღდგენასა და ერთიან ქვეყანაში თანაცხოვრებას გულისხმობს”, – აცხადებს სიჭინავა.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა აფხაზეთში იმყოფება და აფხაზეთის როგორც ქვეყნის და სოხუმის, როგორც მისი დედაქალაქის სადღეგრძელოს სვამს.
“მე ძალიან მიყვარს ეს ქალაქი. ჩემთვის აფხაზეთი სოხუმის გარეშე არ არსებობს. სოხუმი ჩემთვის მნიშვნელოვანი ადგილია. მე ძალიან ვამაყობ, რომ ეს ქალაქი ამ ქვეყნის დედაქალაქია. მე მინდა დავლიო ამ ქვეყნის სადღეგრძელო. იმ ქვეყნის, რომელიც ცხოვრობს ისე, როგორც ცხოვრობს. მას აქვს თავისი დანიშნულება, თავისი სურვილი და მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვის. ყოველთვის ვამბობ, რომ მე აფხაზი მეგობრები უფრო მეტი მყავს, ვიდრე ქართველები”, – ამბობს სიჭინავა ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–საქართველოს საზღვარი დმანისიდანაც იკვეცება
შემდეგი სტატიაგაათავისუფლებენ თუ – არა გიგი უგულავას პატიმრობიდან, 5 საათზე გახდება ცნობილი