ზვიად კვაჭანტირაძე: მინდა კარგად წაიკითხოს ეს მესიჯი ჩვენმა ზოგიერთმა თანამებრძოლმა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი რესპუბლიკელებსა და გოგი თოფაძის დაპირისპირებაზე პრემიერის განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისი აზრები აბსოლუტურ თანხვედრაშია პრემიერის განაცხადებასთან.

როგორც კვაჭანტირაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს, ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ ჩაითვლება სერიოზულად და პერსპექტიულად, ვინც საკუთარ საზოგადოებას დაყოფს “ჩვენიანებად” და “არაჩვენიანებად.

“აბსოლუტურად ვეთანხმები პრემიერ-მინისტრს და მინდა კარგად წაიკითხოს ეს მესიჯი ჩვენმა ზოგიერთმა თანამებრძოლმა, ვინც ამა თუ იმ დონეზე პასუხისმგებლობები გადაინაწილეს ქვეყანაში და ხანდახან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებენ. უნდა გავიგოთ ბოლოს და ბოლოს, რომ ვერანაირი პოლიტიკური ძალა ვერ ჩაითვლება სერიოზულად და პერსპექტიულად, ვინც საკუთარ საზოგადოებას დაყოფს “ჩვენიანებად” და “არაჩვენიანებად”, ვინც ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმაზე კი არ იზრუნებს და იმუშავებს, იმაზე კი არ მიმართავს მთელ ძალისხმევას, რომ ჯერ კიდევ გუშინ სხვისი მხარდამჭერი თავისკენ გადმოხაროს, გადმოიყვანოს, გვერდში დაიყენოს, არამედ უგუნურად იმაზე ხარჯავს დროს და ძალას, თუ როგორ მოიძულოს, გარიყოს, დააშოროს და საბოლოოდ დაუბრუნოს თავის პოლიტიკურ მოწინააღგმდეგეს ასეთი პოტენციური ამომრჩევლები – საკუთარი მოქალაქეები (ხაზგასმით ვამბობ, აქ მე არ ვგულისხმობ იმ კონკრეტულ პირებს, ვინც წინა ხელისუფლების დროს კონკრეტული დანაშაულები აქვთ ჩადენილი)”, – აცხადებს კვაჭანტირაძე.

მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ვერ მოექცევა ისე, როგორც ექცეოდა მათ წინა ხელისუფლება, ვერ დაყოფს მათ მომხრეებად და მოწინააღგმდეგეებად.

“ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც უნდა მოიქცეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, ვინც ათვითცნობიერებს, რომ მისი საზრუნავი ქვეყნის თითოეული მოქალაქეა და არა მხოლოდ მისი აქტიური მხარდამჭერები. დღეს, როდესაც ევროპაში, რეგიონში, მსოფლიოში ამდენი ურთულესი გამოწვევაა ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი ქვეყნის წინაშე ერთი უმთავრესი შიდა გამოწვევა დგას – საზოგადოების სრული კონსოლიდაცია და ეს ყველამ უნდა გავითავისოთ!”, – წერს დეპუტატი.

banner
წინა სტატიაშიპანამის დროშით მცურავმა გემმა ბათუმის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: კოალიცია, ალბათ არჩევნებზე ისევ იმ შემადგენლობით წარსდგება, რაც დღეს არის