ზვიად ძიძიგური – საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, პარტიებმა შეიძლება შემოწირულობებით იარსებონ – “კონსერვატორებს“ ამის პრობლემა არ გვაქვს

ზვიად ძიძიგურ

საბიუჯეტო დაფინანსების გარდა, პარტიებმა შეიძლება შემოწირულობებით, სხვადასხვა დონორების დახმარებით იარსებონ – “კონსერვატორებს“ ამის პრობლემა არ გვაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განუცხადა.

ამასთან, ძიძიგური მხარდაჭერას გამოხატავს “მრეწველების“ და “სოციალ-დემოკრატების“ წარმომადგენლების მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ინიციატივის მიმართ, რომლის მიხედვით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსსა და შესაბამის დაფინანსებას იძენს არამხოლოდ ის პარტია, რომელიც პროპორციული არჩევნების წესით ხმების 3%-ს მიიღებს, არამედ ისიც, ვინ დეპუტატებს პარლამენტში მაჟორიტარული სისტემით გაიყვანს და ფრაქციას შექმნის.

“არსებობს პარტიის დაფინანსების ალტერნატიული შანსი. ეს არ არის მხოლოდ საბიუჯეტო დაფინანსება. არაკვალიფიციურმა პარტიებმა შეიძლება იარსებონ შემოწირულობებით, სხვადასხვა დონორების დახმარებით. “კონსერვატორებს“ ამის პრობლემა არა გვაქვს. ჩვენს პარტიაში არიან შეძლებული ადამიანები, რომლებიც პარტიის საქმიანობას აქტიურად დაეხმარებიან. ამაში დარწმუნებული ვარ და ეს არაერთხელ მომხდარა. რაც შეეხება კვალიფიციური პარტიის სტატუსის განსაზღვრის იმ წესს, რომელიც ჩვენმა კოლეგებმა – “მრეწველებმა“ და “სოციალ-დემოკრატებმა“ შემოიტანეს, მათი კანონპროექტი ძალიან არგუმენტირებულია – ერთი დეპუტატის წონა არის დაახლოებით 20-ათასიდან 25-ათასს ხმამდე. დეპუტატი პარლამენტში დაახლოებით ამდენ ადამიანს წარმოადგენს. ამიტომ თუკი ვინმეს ჰქონია, რომ ლოგიკა არის ის, რომ პარტია, რომელიც მთელ საქართველოში 2 000 ხმას ან 100 ხმას აიღებს, უნდა იყოს კვალიფიციური და ვისაც ფრაქცია ჰყავს პარლამენტში, ის არ უნდა იყოს კვალიფიციური, მე ამ ლოგიკას არ დავეთანხმები“, – განუცხადა ჟურნალისტებს ზვიად ძიძიგურმა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს, სავარაუდოდ, ოთხი პოლიტიკური პარტია დაკარგავს და ორი პარტია შეიძენს. კვალიფიციური სუბიექტის სტატუსის მქონე პარტიათა რაოდენობა, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდება, 20 პარტიიდან 18 პარტიამდე მცირდება.

კვალიფიციური სუბიექტის სტატუსს კარგავს: – “კონსერვატიული პარტია“, “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, “რესპუბლიკური პარტია” და “ეროვნული ფორუმი”. ოთხივე ეს პარტია ბლოკში “ქართულ ოცნებასთან“ ერთად იყო და სტატუსსა და დაფინანსებას 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ინარჩუნებდა. ამასთან, ბუნდოვანია, შეუნარჩუნებენ თუ არა “მრეწველებს“ იმ 300 000 – ლარიან დაფინანსებას, რომელსაც “მრეწველთა პარტია“ “ქართული ოცნების“ დახმარებით პარლამენტში შექმნილი ფრაქციისათვის იღებს. თავად კანონის თანახმად, აღნიშნული დაფინანსება ძირითადი დაფინანსების ფორმულის შემადგენელი ნაწილია და ვინაიდან, “მრეწველთა პარტია“ ძირითად დაფინანსებას კარგავს, მოსალოდნელია, რომ საპარლამენტო ფრაქციის დაფინანსებასაც ვეღარ მიიღებს.

რაც შეეხება ახალ კვალიფიციურ სუბიექტებს, 2017 წლიდან ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები ხდება “ეროვნულ დემოკრატიული პარტია“, რომელიც ადგილობრივ არჩევნებში “ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად საარჩევნო ბლოკში მონაწილეობდა და ასევე, “მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის“, რომელიც არჩევნების წინ შეიქმნა და ბლოკში “ევროპულ საქართველოსთან“ ერთად იყო წარმოდგენილი.

საბიუჯეტო დაფინანსების მიმღებ კვალიფიციურ სუბიექტებად რჩება შემდეგი პოლიტიკური პარტიები: – “ქართული ოცნება“, “თავისუფალი დემოკრატები“, “ლეიბორისტული პარტია“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, “ევროპული საქართველო“, “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, “თავისუფალი საქართველო“, “ტრადიციონალისტთა კავშირი“, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“, “საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა“, “ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, “სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“.

banner
წინა სტატიაშინანა გაგუა: „ნებისმიერი მამაკაცის რეპუტაცია სერიოზული დარტყმის ქვეშ დადგება!“
შემდეგი სტატიაკახა კალაძე – საქართველოში არასდროს დაბრუნდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებზე იძალადებს