ზვიად ძიძიგური : ფრაქცია „კონსერვატორები“ ნარკოტიკების ყოველგვარი დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის ზვიად ძიძიგურის განცხადებით, ფრაქცია „კონსერვატორები“ ნარკოტიკების ყოველგვარი დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგია.

როგორც ჟურნალისტებს ძიძიგურმა განუცხადა, არავითარ შემთხვევაში ისეთი ნაბიჯი არ უნდა გადაიდგას, რაც ქვეყანაში ნარკომომხმარებლების რაოდენობას გაზრდის, რადგან ეს დამღუპველია.

„ნარკომომხმარებელი 50 ათასი ადამიანი არ არის, სამწუხაროდ, ესენი არიან 15-დან 25-წლამდე ახალგაზრდა მოქალაქეები. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, სხვაგვარად მოვიქცეთ. ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ნარკომომხმარებელთა რაოდენობა შემცირდეს. ვფიქრობ, ამაში პარლამენტის სულისკვეთება ერთია. ნარკორეალიზატორებთან მიმართებაში ყველა ნაბიჯი, რომელიც მათ გამოსავლენად და იზოლირებისთვის გადადგმული იქნება, მისასალმებელია, რადგან ნარკორეალიზატორი არის ადამიანი, რომელიც ნელი სიკვდილით ვაჭრობს. არ შეიძლება, ვინმემ ნარკორეალიზატორებს რაღაც ტიპის მხარდაჭერა გამოუცხადოს”, – აცხადებს ძიძიგური.

დეპუტატის ცნობით, „კონსერვატორები“ მხარს მხოლოდ ისეთი სახის ცვლილებებს დაუჭერენ, რომელიც ნარკომომხმარებლების რაოდენობას შეამცირებს და არავითარ შემთხვევაში არ გაზრდის.

„თუკი ვინმეს ლიბერალიზაცია ისე წარმოუდგენია, რომ ყველა ასაკის ადამიანს ნარკოტიკზე წვდომა შეეძლოს, ეს ასე ჩვენ არ წარმოგვიდგენია ისევე, როგორც საქართველოს ძალიან ბევრ მოქალაქეს. ბერა ამ ქვეყნის ერთი მოქალაქეა, რომელსაც უფლება აქვს თავისი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ სხვა ადამიანებსაც აქვთ უფლება საკუთარი მოსაზრება ჰქონდეთ. ლეგალიზებისა და დეკრიმინალიზაციის საკითხი პარლამენტში იქნება შემოსული და ეს თემა აქ განიხილება. უმრავლესობაში ერთადერთი შეთანხმებაა მიღწეული, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ მკაცრები ვიყოთ და ისეთი კანონმდებლობა მივიღოთ, რომელიც ნარკომომხმარებელთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს და არა – გაზრდას”, – დასძინა ძიძიგურმა.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ბახტაძე : საზოგადოება გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ საქართველოს მთავრობა სახელმწიფოებრივი აზროვნებით ხელმძღვანელობს
შემდეგი სტატიანარკორეალიზაციის ბრალდებით დაკავებულების საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს