ზურაბ ჯაფარიძე: პაატა ბურჭულაძის განცხადება შესაძლოა, უხეშად ჟღერდა, მაგრამ ალბათ, ის სხვა რამეს გულისხმობდა

ეს განცხადება თოქ-შოუ არჩევანში ზურაბ ჯაფარიძემ გააკეთა

პაატა ბურჭულაძის განცხადება, რომ აჭარაში თანამდებობებზე აჭარლები უნდა იყვნენ წარმოდგენილი, შესაძლოა, უხეშად ჟღერდა, მაგრამ ალბათ, ის სხვა რამეს გულისხმობდა, – განაცხადა პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” დამფუძნებელმა, ზურაბ ჯაფარიძემ გადაცემა 2030-ში.

“ვფიქრობ, აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ აჭარაში თანამდებობაზე ყველა აჭარელი უნდა იყოს. ცხადია, ეს ნონსენსი და აბსურდია. საუბარია იმაზე, რომ იქ, პარტიული ლოიალობის მიხედვით და ნეპოტიზმით, თანამდებობებზე არაპროფესიონალები ინიშნებიან. მაშინ, როცა აჭარაში საკმარისი პროფესიონალია ”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ახალ საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიები კონკრეტული ხედვების ირგვლივ გაერთიანდა.

“პაატა ბურჭულაძესთან საარჩევნო ბლოკში გაერთიანებას არ ვნანობ. მგონია, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია, საქართველოში ძლიერი პროდასავლური ცენტრი ჩამოყალიბდეს, რომელსაც კონკრეტული ხედვების გარშემო ერთიანობა ექნება. ჩვენს შემთხვევაში, ეს ხედვა ორია – საქართველომ უნდა გააგრძელოს სწრაფი სვლა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში და მეორე, ქვეყანაში უნდა გატარდეს სწრაფი რეფორმები, რაც სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას მოგვიტანს. ეს გუნდი სწორედ ამ ხედვების ირგვლივ გაერთიანდა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

banner
წინა სტატიაში(VIDEO)ამერიკული სამხედრო ტექნიკა Agile Spirit–ში მონაწილეობისთვის საქართველოში ჩაიტანეს
შემდეგი სტატიათურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგა