ზურაბ ჯაფარიძე : მე ვარ მარიხუანას მომხმარებელი 16-17 წლიდან, იმ პერიოდში, როცა ინტენსიურად მოვიხმარდი, სამი დიპლომი მაქვს აღებული

მოაქვს თუ არა რაიმე სახის მორალური ზიანი მარიხუანას მოხმარებას ოჯახისთვის და გარშემო მყოფი სოციუმისთვის – აღნიშნული კითხვა მოსამართლე ევა გოცირიძემ დღეს „გირჩის“ წარმომადგენლებს პროცესზე დაუსვა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს.

სასამართლოს პირველი კოლეგია არსებითად განიხილავს „გირჩის“ სარჩელს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელშიც მოსარჩელე მხარე მოითხოვს არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს ნორმა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანას მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სანქციას – 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

„მე ვარ მარიხუანას მომხმარებელი ბევრი წელია, სადღაც 16-17 წლიდან. ახლა აღარ ვარ ისეთი ინტენსიური მომხმარებელი, დრო არ მაქვს ამის, მაგრამ მქონდა დაახლოებით 15 წელი პერიოდი ინტენსიური მოხმარების, იყო პერიოდი, როცა ყოველ ღამე მოვიხმარდი“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, მისი თქმით, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც ის მარიხუანას ინტენსიური მომხმარებელი იყო უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სამი დიპლომი აიღო და აქტიურად მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში.

„ჩემი გამოცდილებიდან შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში, როცა მე მარიხუანას მოვიხმარდი, მაქვს სამი უმაღლესი განათლების დიპლომი აღებული, ვმუშაობდი საქართველოში თითქმის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, ერთი თვეც კი არ მქონია წყვეტა, რომ ვყოფილიყავი უმუშევარი, ვკითხულობდი ლექციებს, ვწერდი სტატიებს, ვიყავი პარლამენტის წევრიც და ვარ პრეზიდენტობის კანდიდატი ამ მომენტისთვის“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძის თქმით, მისი ცხოვრების აღნიშნულ პერიოდში არანაირი მორალური ზიანი არ მიუყენებია ოჯახისთვის.

„ჩემი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ნაწილში, არანაირი მორალური ზიანი არ მიმიყენებია ჩემი ოჯახისთვის, თუ არ ჩავთვლით, რომ მშობლებისთვის, გარშემო მყოფი სოციუმისთვის იყო პრობლემა ახსნა, რომ მათი შვილი არის ისეთი, როგორიც არის. ჩემი მაგალითიდან გამომდინარე, დღეს მათ აქვთ განცდა, რომ მარიხუანა არ არის რაიმე ზიანის მომტანი. მე არ ვარ მორალურად რაიმე სახით დეგრადირებული პიროვნება“, – განაცხადა პროცესზე ზურაბ ჯაფარიძემ.

პროცესზე მოსამართლეებმა მხარეთა არგუმენტები მოისმინეს და კითხვები ექსპერტებსაც დაუსვეს.

საკონსტიტუციო სასამართლოში „გირჩის“ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია იმსჯელებს, რამდენად კონსტიტუციურია ნორმა, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მარიხუანის მოხმარებისთვის ადმინისტრაციულ სასჯელს – 500 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“პასუხების გაცემის ნაცვლად, კითხვები უფრო გამრავლდა” – ანა ნაცვლიშვილი ზაზა სარალიძესთან შეხვედრის შემდეგ
შემდეგი სტატიასრული პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ სუსის უსუსური მცდელობა, თითქოსდა ეს პირი ვარ მე – არის ტყუილი!