ზურაბ ჭიაბერაშვილი: “უძირო ქვევრი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა” რამდენიმე მიმართულებით ქმნის პრობლემას

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს ვერ ეწევა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის მინისტრი საავადმყოფოების მიმართ ათეულობით მილიონი ლარის დაგროვილ დავალიანებას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ციფრები სულ სხვას მეტყველებენ.
“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა რომ დაგეგმილ 470 მლნ ლარში ჩატეულიყო, მაშინ სამინისტროს კვირაში საშუალოდ 9 მლნ ლარი უნდა ეხარჯა. დღემდე 11 მლნ ლარს ხარჯავდა და ამიტომაც დაგეგმილ 470 მლნ ლარზე 96 მლნ ლარის დამატება მოუწია. მაგრამ 7-14 დეკემბრის შუალედში სამინისტრომ 19 მლნ ლარის დავალიანება გაისტუმრა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარჯებს ვერ ეწევა. სხვადასხვა მონაცემებით, დაგროვილი დავალიანება 100 მლნ ლარზე მეტია.
შემნილ მდგომარეობაზე გასულ კვირაში განცხადება გაავრცელა საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც, რომელმაც აღნიშნა “ჯანდაცვის ხარჯები 2015 წელს დაგეგმილთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო. მთავრობამ 2016 წელს საკუთარ ხარჯებს მონიტორინგი გაცილებით უფრო მაღალი სიზუსტით გაუწიოს”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა
მისივე თქმით, “უძირო ქვევრი – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა” რამდენიმე მიმართულებით ქმნის პრობლემას.
“კვლევები აჩვენებს, რომ პროგრამით შეძლებულები უფრო სარგებლობენ, ვიდრე ღარიბები; ის ხელს უწყობს ინფლაციას ჯანდაცვის სფეროში, რითაც ღარიბებს კიდევ უფრო მეტად ურთულებს ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობას; საავადმყოფოებისადმი დავალიანება მედპერსონალის ანაზღაურებაზე აისახება, შესაბამისად, გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და პაციენტების ჯიბეზე;
ერთბაშად დიდი თანხების ბაზარზე გამოსროლა, როგორც ეს გასულ კვირაში მოხდა, ლარზე აისახება”, – აღნიშნა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია და მანანა კობახიძე პროკურატურაში დაკითხეს
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი: გადადგეს თანამდებობიდან და დატოვოს პარლამენტარის მანდატიც